ღარიბაშვილი მეორე ტურზე: სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული

241

ჩვენ მხოლოდ კანონიერი გზით შევაჩერებთ მათ ნებისმიერ მცდელობას, ბოიკოტის, საბოტაჟის, პროვოკაციის მოწყობის, ყველას ვუპასუხებთ სამართლებრივად, კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას დასაკარგი დრო აღარ აქვს.

„მით უმეტეს, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, შიდა მტრებს, რომ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შემოიტანონ. ძალიან მარტივი პასუხია, სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, ვინმე გაბედავს რაიმე პროვოკაციას, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენგან, სახელმწიფოს და კანონის სახელით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები, იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, ისე, რომ არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

„მოგეხსენებათ, ეუთო/ოდირის 250-ზე მეტი დამკვირვებელი იმყოფება საქართველოში, ისინი დარჩნენ და ელოდებიან მეორე ტურის დასრულებას, NDI-ი, IRI-ი, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია იმყოფება და ნახეთ, რომ მართლაც გამორჩეულად მშვიდი არჩევნები ჩავატარეთ, პირველ ტურს ვგულისხმობ. ახლაც, ანალოგიურად, ჩემი სურვილია და ჩვენი ყველას მობილიზებაა, რომ ასეთივე მშვიდი მეორე ჩავატაროთ. ნურავის ექნება ილუზია. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს არის პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნდობის დემონსტრირება. დღეს დაიწყეს საუბარი, რამდენი ათასი ადამიანი გამოვიდა, მე ვიტყოდი, რომ მინიმუმ 100 ათასი. გუნდის ზოგი წევრი მეუბნება 150 ათასს, ზოგი 120 ათასს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უპრეცედენტო რაოდენობა გამოვიდა და მხარი დაგვიჭირა ჩვენ, ნდობის დემონსტრირება იყო გუშინდელი აქცია და რეალურად ხალხის არჩევანის დემონსტრირება იყო, იმისა, რომ მოსახლეობას არ სურს არც ქაოსი, არც დესტაბილიზაცია, არც არეულობა, არამედ მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა და პანდემიის დამარცხება, აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. მომდევნო 3 წელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ ამ ხალხისთვის, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ და ყველაფერი გავუკეთოთ იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები დაიწყოს ქვეყანაში, განვითარების, პროგრესის, წინსვლის და მეტი კეთილდღეობის“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.