„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის 4-მა წევრმა პარტია დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა

311

პარტია ,,ევროპული საქართველოს” რიგები რუსთავის ადგილობრივი ორგანიზაციის ოთხმა წევრმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის მეორე ნომერმა ლაშა მჭედლიძემ დატოვა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მჭედლიძემ განაცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი, გახდა ის, რომ მეორე ტურში არჩევანი დავით კირკიტაძესა და ნინო ლაცაბიძეს შორის უნდა გააკეთონ.

“დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვტოვებთ ,,ევროპული საქართველოს“ რიგებს და ვუერთდებით ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძის კამპანიას. რადგან არჩევანი მეორე ტურში უნდა გავაკეთოთ კირკიტაძეს და ლაცაბიძეს შორის, მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება, რომ შევუერთდეთ ნინო ლაცაბიძეს. გვაქვს არჩევანი კირკიტაძესა და ლაცაბიძეს შორის, კირკიტაძე, რომელიც თავისი მოქმედებით, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს ყველაფერი გამოიყენა სათავისოდ, ამაზე ფაქტებიც მეტყველებს, ხალხზე ჩამორთმეული ქონებები, რუსთავის ავტობაზრობა, სტამბულის ბაზრობა, რომელიც მერე თავის დაქვემდებარებაში მყოფ ხალხზე ფორმდებოდა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კირკიტაძე არ იზრუნებს რუსთაველებზე, მისი მთავარი მიზანი არის ერთადერთი, რომ ქალაქი ისევ ხელში ჩაიგდოს”, – განაცხადა ლაშა მჭედლიძემ.

,,ევროპული საქართველოს“ რიგები გასულ კვირას, რუსთავში ორმა წევრმა, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში 100-მდე მხარდამჭერმა დატოვა და პარტიას გაემიჯნა.