კალაძემ მოქალაქეების 1300 იდეიდან მხოლოდ 3 მოიწონა – პროექტს “შენი იდეა ქალაქის მერს” აკრიტიკებენ

372

2018 წელს თბილისის მერიამ ახალი ონლაინ პლატფორმა, “შენი იდეა ქალაქის მერს” ჩაუშვა, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს თავიანთი იდეების მერიისთვის წარდგენა შეეძლოთ. ინიციატივას დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა მოქალაქეების იდეები თბილისის მერიამ ნაკლებად განახორციელა. 1300-ზე მეტი განაცხადიდან, მუნიციპალიტეტმა თანხმობა მხოლოდ სამ პროექტზე გასცა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

21 მოქალაქის იდეა ორ წელზე მეტია განხილვის რეჟიმშია. მოქალაქეები მერიისგან ამ დრომდე შესაბამის პასუხებს ელოდებიან. ერთ-ერთი ასეთი არქიტექტორი მარიამ მენაბდეა, რომელმაც ორი წლის წინ თბილისის მერიას საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაციის იდეა შესთავაზა. იდეის მიხედვით, მაღალსართულიანი საბჭოთა კორპუსების ფასადები ბუნებრივად უნდა გამწვანებულიყო და თითოეულ საცხოვრებელ კორპუსზე თბოიზოლაციის პანელები უნდა დამონტაჟებულიყო.

იდეას მაშინ დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა დღეს როგორც ირკვევა თბილისის მერიას მაშინ როცა პროექტი ორი თვის ვადაში უნდა განეხილა, უკვე მეორე წელია გადაწყვეტილება არ მიუღია.

“როცა ასეთ პლატფორმას აკეთებ და საზოგადოების აზრი გაინტერესებს ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ის მაინც უნდა გააკეთო, რომ პროექტის განხილვის შემდეგ იდეის ავტორს აცნობო პასუხი. მესმის, რომ ჩემი პროექტი ხარჯიანი იყო, მაგრამ თბილისის მერს ამ პერიოდში არაერთი იდეა შესთავაზეს, რომლის განხორციელებაც ვფიქრობ შეიძლებოდა. უფრო მეტი ინტერესი უნდა ყოფილიყო ალბათ მერიის მხრიდან, იმიტომ რომ უფრო მეტ ადამიანს მონდომებოდა ამ პლატფორმის გამოყენება. როცა არ არის მეორე მხრიდან უკუკავშირი, მოსახლეობაც კარგავს ინტერესს.” – აცხადებს არქიტექტურის დოქტორი მარიამ მენაბდე.