თბილისის 119-ე სკოლის მასწავლებლები გაიფიცნენ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი აცხადებს, რომ ის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

389

თბილისის 119-ე სკოლის მასწავლებლები გაიფიცნენ. ისინი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეა ბრეგვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

როგორც თეა ბრეგვაძემ განაცხადა, მისთვის გათავისუფლების მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა თავად ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებსა და „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მის მხარდაჭერას უკავშირებს. ბრეგვაძის ინფორმაციით, მის ნაცვლად დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დანიშნეს.

ამასთან, როგორც თეა ბრეგვაძე განმარტავს, სკოლაში მუშაობას აგრძელებს როგორც პედაგოგი და იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ამ პოზიციიდანაც არ გაათავისუფლებენ.

„მე ერთი წლის განმავლობაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი შიდა ბრძანებით. დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ჩვენ ერთი თვის წინ გავიგეთ, რომ თურმე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულა, იმიტომ, რომ სუს-ის ფაილებში აღმოჩნდა დირექტორის და ჩემი გვარი. შემდეგ 1 წლის განმავლობაში შიდა ბრძანებით, როგორც მოადგილე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გადავედი, ვასრულებდი მოვალეობას ჩვეულებრივად. გუშინ დამხვდა წერილი, რომ დირექტორის მოვალეობის შესრულებას სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი გააგრძელებს. გაჩნდა კითხვა, რატომ ასრულებს მოვალეობას ის, როდესაც სკოლას უკვე ჰყავს მოვალეობის შემრულებელი. ეს ქალბატონი იგივე მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც მე. მიზეზად არაფერი უთქვამთ. მიზეზი ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვარ, ხოლო თამარ თაბუაშვილი, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება, „ოცნების“ მხარდამჭერია. ველოდებით დირექტორს, რომელიც არ მოსულა, იმის ნაცვლად, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენელს წარედგინა დირექტორი, მოვიდა „ოცნების“ წარმომადგენელი და კითხულობს რა ხდება“,- განაცხადა თეა ბრეგვაძემ.