დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს დასაქმების პრობლემა. მეორე მხრივ, როდესაც ვხვდები ბიზნესსექტორს, მათ აქვთ იგივე პრობლემა – ისინი ვერ პოულობენ პროფესიონალ, კვალიფიციურ კადრებს. ეს უდიდესი პრობლემაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერიამ, მათთან კომუნიკაციით, მიიღო ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ პროფესონალი, გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანები.
„შესაბამისად, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, 5000-მდე ადამიანს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს ჩვენს პორტალზე www.dasakmdi.ge .უკვე 1 ნოემბრიდან იწყება რეგისტრაცია, რომელიც 15 ნოემბრამდეა შესაძლებელი და უკვე 20 ნოემბრიდან ვიწყებთ უშუალოდ გადამზადების პროცესს. ყველას აქვს საშუალება, იმ პროფესიების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია, სრულიად უფასოდ გადამზადდეს. არანაირი გადასახადი არ იქნება. ჩვენ მოგამზადებთ, ყველანაირად დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით იმისთვის, რომ შემდეგ ბიზნესმა დაგასაქმოთ. 4500 ადამიანი უკვე დავასაქმეთ, კიდევ 5000-მდე ადამიანის დასაქმება გვინდა წელს. ეს პროგრამა ჩვენ 2018 წელს დავნერგეთ, რომელიც მართლა წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.