კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ მიაყენებთ ნურცერთ ადამიანს შეურაცხყოფას – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინაძემ ჟურნალისტის კითხვას, გადაუხადეს თუ არა თანხა მოქალაქეებს იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელ შეკრებაზე მისულიყვნენ.
როგორც მან აღნიშნა, არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ პარტიამ ზოგიერთ შემთხვევაში, მოქალაქეების ტრანსპორტირება და კვების ხარჯი უზრუნველყო.
„ამ ტყუილი ნარატივის გასაბათილებლად მოვუწოდებ ყველა ადამიანს, თუ ერთი ადამიანი მაინც არის ამ ქვეყანაში, რომელთანაც ვიღაც მივიდა და უთხრა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ წამოსულიყვნენ, არც ერთი მოსულიყო და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ასეთი ადამიანი არ იდგა. რაც შეეხება ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებს, რაც დღის განმავლობაში საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი გადაადგილდეს, გამოიკვებოს და ა.შ. ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეებმა თავად დააფინანსეს, ზოგ შემთხვევაში, ეს პარტიამ უზრუნველყო. ამაში განსაკუთრებული არაფერია, ასე ხდება მთელ მსოფლიოში, ნუ ეკიდებით ასეთ დეტალებს. ასეთი ხარჯები აუდიტის სამსახურს წარედგინება რამდენიმე დღეში, შეგიძლიათ ამოიღოთ და ყველა ფურცელი ცალ-ცალკე გაშიფროთ“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შემაჯამებელი შეკრება გამართა.