“პირველ რიგში, თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის“, – ამის თბილისის მოქმედმა მერმა, „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია თავისუფლება, სიმართლე, სამართლიანობა, მშვიდობა და განვითარება.
„ჩვენ 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ. ყოველმა მეორე მოქალაქემ ნდობა გამოუცხადა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც, როგორც მმართველი პარტია, არის ამ ღირებულებების გარანტი ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება. დღესაც, 21-ე საუკუნეში ჩვენი ეროვნული ფასეულობების – მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვა ჩვენს ყოველდღიურ ბრძოლასა და თავდადებას მოითხოვს“, – განახცადა კახა კალაძემ.