“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თუ ვინმე მათ აქციაზე მისვლის სანაცვლოდ ფულს შესთავაზებს, არ მივიდნენ. მამუკა მდინარაძის მტკიცებით, აქციის მონაწილეებისთვის ფულის შეთავაზება სიმართლეს არ შეესაბამება და ამას მხოლოდ თეორიულად უშვებს.
“მე მივმართავ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელსაც თეორიაში, მათი შექმნილი ფეიკით, გასაგებია, მაგრამ თეორიულად მაინც დავუშვათ, რომ ვიღაცა ვიღაცას ამას შესთავაზებს — არცერთი მათგანი, არცერთი მათგანი, ვისაც ამას ჰკადრებენ, არ მოვიდეს აქციაზე. თუ ვინმემ გკადროთ თქვენ, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ახლა მე მისმენს ან მომისმენს დღეს, დღის განმავლობაში და ეს ნიუსი გავრცელდება და ეს ამბავი გავრცელდება, ეს განცხადება ჩემი მხრიდან — თუ ვინმემ ჰკადროს ვინმეს, რომ ფულის სანაცვლოდ, ეს 50 იქნება, 10 თუ 450, ფულის სანაცვლოდ წამოდი შენ აქციაზე, არცერთი ადამიანი არ მოვიდეს” — თქვა მდინარაძემ იმედის ეთერში.
მისი თქმით, აქციაზე ადამიანები საკუთარი ნებით მივლენ, რომ “სიკეთისა და სიმართლის ზეიმს მხარი დაუჭირონ” და სხვა ადამიანის იქ ყოფნა წარმოუდგენელია.
“ქართული ოცნების” აქცია დღეს 17:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.