ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობა 2022 წლამდე გადაიდო

292

თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობა ბოლოს 2019 წლის ზაფხულში დააანონსა. კალაძემ მაშინვე განაცხადა, რომ იგეგმებოდა ტენდერის გამოცხადებაც, რომელში გამარჯვებულ კომპანიასაც ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე 60 მილიონ ლარად შენობა-ნაგებობა უნდა მოეწყო. პროექტი ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. გამოცხადდა ტენდერიც, რომელიც 6-ჯერ გასაჩივრდა, საბოლოოდ კი კონტრაქტორი კომპანიის მოძებნა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

როგორც დღეს “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე აცხადებს, გამოცხადებულ ტენდერში ვერცერთმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ის კრიტერიუმები, რაც პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იყო. მისი განმარტებით, ადგილობრივ კომპანიებს შესაბამისი გამოცდილება არ აღმოაჩნდათ. თუმცა მიქაუტაძე იმასაც ამბობს, რომ პროექტი მუნიციპალიტეტისთვის დღესაც პრიორიტეტულია, შესაბამისად, მისი განმარტებით, პროექტის განხორციელება EBRD-ის სესხით 2022 წელს უნდა დაიწყოს.

“ერთ-ერთი სატენდერო მოთხოვნა იყო ის, რომ კომპანიას ჰქონოდა გაზშემკრების მოწყობის გამოცდილება. როგორც კი ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, კომპანიების მხრიდან დაინტერესება მაღალი იყო, მათ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. თუმცა ქართულმა კომპანიებმა, რომლებმაც სატენდერო პირობები გაასაჩივრეს, რეალურად არ ჰქონდათ გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ პროექტზე ტენდერი შეგვეწყვიტა. ამის შემდეგ მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ვფიქრობთ, რომ 2022 წელს შევძლებთ, რომ აღნიშნული ტენდერი გამოცხადდეს EBRD-ის წესებით. თუ სესხი გვექნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, ის ჩაატარებს თავისი წესებით ტენდერს”, – აცხადებს “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე.