დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე, „ქართული ოცნების“ მომხრეები რეგიონებიდანაც ჩავლენ. ავტოკოლონა უკვე დაიძრა გურჯაანიდან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კულტურის სახლთან შეიკრიბნენ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მათ შორის იყვნენ, მერიის, საკრებულოს და სხვა საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ მათ ჰქონდათ სიები, სადაც, სავარაუდოდ, თანამშრომლებს აღრიცხავდნენ.
იმის გასარკვევად, სრულად დაიკეტა მერია და საკრებულო, თუ დარჩნენ კიდევ თანამშრომლები, ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა ვცადეთ, თუმცა კოვიდრეგულაციების არგუმენტით შენობაში არ შეგვიშვეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე მსგავსი პრობლემა არ გვქონია.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერების შეკრებას 17:00 საათისთვის გეგმავს.