მდინარაძე: მოვუწოდებ დღევანდელ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას – არცერთ პროვოკაციას არ აჰყვნენ

435

ჰუმანურობა არის ამოსავალი წერტილი და ნუ შეგეშინდებათ იმ ადამიანების, რომლებიც სიკეთისთვის იბრძოდნენ, დღესაც ამას გააგრძელებ, დღევანდელ აქციაზე თქვენ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ, – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, იქნება თუ არა დღევანდელ აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია იქნება ერთ-ერთი პასუხი იმ ნარატივებზე, რასაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან ვხედავთ.

„მოვუწოდებ დღევანდელ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას – არცერთ პროვოკაციას არ აჰყვნენ, მათ შორის მედია საშუალებების მხრიდან. დაიცვან როგორც თავიანთი, ასევე ჟურნალისტებისა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება, ყველას სიყვარულით მიუდგნენ. ჩვენ ვართ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში, საბოლოო ჯამში ჩვენი შვილები ერთ სკოლასა და ბაღში დადიან, ცხოვრება ერთად უნდა გავაგრძელოთ. ამ ქვეყნის განვითარებაზე ერთად ვიზრუნოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება – ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.