1-15 ნოემბერს მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩასართავად დაინტერესებული მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია ცხადდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერმა პროგრამის შესახებ ისაუბრა და მოქალაქეებს დარეგისტრირებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე 3 400-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.
„მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩასართავად, ვაცხადებთ რეგისტრაციას. ნებისმიერ, თბილისში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, დარეგისტრირდეს და ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომელიც 4 პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით მოამზადებს და გადაამზადებს მონაწილეებს. ეს კოლეჯებია: იკაროსი, მერმისი, სპექტრი და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი.
პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება-გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას.
თბილისის მერის თქმით, მომზადებისთვის საჭირო სახსრებს მერია გაიღებს. დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება პირველ ნოემბერს და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით, მერიის ვებგვერდზე: www.Tbilisi.gov.ge, ასევე, ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. სასწავლო პროცესი კი 20 ნოემბერს დაიწყება.
პროგრამა 2018 წლიდან ავამოქმედეთ, 2018-2020 წლებში მოვახერხეთ 4 500-ზე მეტი მოქალაქის ჩართვა და მათგან უკვე დასაქმებულია 3 400-ზე მეტი მოქალაქე. აღნიშნული პროგრამით წლის ბოლომდე დამატებით 500-მდე მოქალაქე დასაქმდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.