ქვრივიშვილი: თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

507

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ეარ ევროპასა“ და „იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ შეინიშნება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა კი პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში როგორც ტურისტული ნაკადის ზრდის, ასევე ინვესტორთა მოზიდვის მხრივ.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი პირდაპირი რეისები საქართველოდან ევროპის მიმართულებით. დღეს შევხვდით ორ ავიაკომპანიას, რომელიც ბაზირებულია ესპანეთში. ორივე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება, იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი მადრიდის მიმართულებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბარსელონა-ქუთაისის მიმართულება ოპერირებაში ჩაეშვება 31 ოქტომბრიდან და აქედან გამომდინარე ბაზრების დივერსიფიცირება და დივერსიფიცირებული პირდაპირი მიმართულებები ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ტურისტული ნაკადის ევროპიდან შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, იქნება გამაძლიერებელი ჩვენი ტურიზმის, ავიაციისა და ზოგადად ეკონომიკის მიმართულების“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანიებთან შეხვედრას საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი დაესწრო.

„პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს უწყობს როგორც ინვესტიციებს, ასევე ტურიზმის განვითარებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ განახლდება ავიაკომპანია Wizzair-ის ფრენები ბარსელონასა და ქუთაისს შორის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დაინიშნოს ფრენები მადრიდსა და თბილისს შორის. ძალიან აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიკომპანიებთან “ეარ ევროპა“ და “იბერია”. ეს წამყვანი ესპანური ავიაკომპანიებია. დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში დაინიშნება პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის და ეს დაფარავს არამარტო ესპანეთსა და საქართველოს არამედ ლათინურ და ცენტრალურ ამერიკას. რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში“, – აცხადებს ილია გიორგაძე.