წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული.
„ძეგლების ორნამენტებს, თითოეულ კარსა და ფანჯარას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. წინა ხელისუფლების დროს ეს მოედანი, შენობა-ნაგებობები საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები არიან: ალეკო ელისაშვილი, ცირა ელისაშვილი, თამარა ამაშუკელი, ნინო კორძახია, ანა მარგველაშვილი, თიკო სულაძე, სანდრო სარალიძე, მაგდა ცოცხალაშვილი, გოგა ქართველიშვილი, თეა გალდავა, სალომე ჯაში, ზაზა ბურჭულაძე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მინდა გავიხსენო ზურაბ ოსმანოვი, რომელიც ამ ძეგლებზე მუშაობდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თითოეულ ორნამენტს, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ავთენტურობა. სამწუხაროდ, ის კორონავირუსმა იმსხვერპლა. მადლობა მის ოჯახს და ვუსამძიმრებ მის ახლობლებს“, – განაცხადა კალაძემ.