ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულმა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი გამოავლინა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული პირი მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და იმ შემთხვევაში, თუ სიაში იმყოფებიან, ახლობლებს სთხოვონ აღნიშნულის გამო, არჩევნების დღეს დაწერონ საჩივრები. აღნიშნულმა პოსტმა მიიღო საკმაოდ მასშტაბური ხასიათი და ამ დროისთვის ის უკვე გაზიარებულია 50-მდე „ფეისბუკჯგუფში“, სადაც ძირითადად ემიგრანტები არიან გაწევრიანებულები. ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილია საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმის მიუხედავად, არის თუ არა ის საქართველოში, ამასთანავე, მათ უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია საქართველოში და უნდა ფლობდნენ ვალიდურ დოკუმენტს. საზღვარგარეთ მყოფ პირებს სიაში მათი მონაცემების გასწვრივ მითითებული აქვთ, რომ იმყოფებიან საზღვარგარეთ. არსებობს გარკვეულ პირთა წრე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და ამის შესახებ ინფორმაცია არ მოპოვება“, – განაცხადა იოსელიანმა.
ამდენად, მისივე განმარტებით, თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე და მისი მონაცემები არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, არ მიუთითებს დარღვევაზე.
„უფრო პირიქით რომ ვთქვათ, ამ გზით, ამომრჩეველს აქვს იმის შესაძლებლობა, ასევე დაცულია მისი საარჩევნო უფლება, ვინაიდან, წინასწარ არ არის ცნობილი ეს პირი როდის დაბრუნდება საქართველოში და იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანაში დაბრუნდება, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამასთან, არასწორია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მათმა ახლობლებმა უნდა დაწერონ საჩივრები საარჩევნო უბანზე, ვინაიდან კანონმდებლობთ, არჩევნების დღეს რიგითი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე საჩივარს არ წერს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე იმყოფება კომისიის 17 წევრი, მათ შორის, პარტიების მიერ დანიშნული წევრები, ასევე იმყოფებიან სუბიექტის წარმომადგენლები, პროცესს აკვირდება მედია და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ამდენად, ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა თითოეული მათგანის უფლებაცაა. საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიზანი შეიძლება იყოს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. მივმართავთ თითოეულ ემიგრანტს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავის სტატუსთან დაკავშირებით ინფორმაცია გადაამოწმონ ცესკოს კონტაქტებში, რომლის ტელეფონის ნომერია 2 51 00 51“, – განაცხადა იოსელიანმა.