ბითაძე: მიხარია, რომ ჩემი თავმჯდომარეობის დროს შეიქმნა და დამტკიცდა ახალი მექანიზმი, რომელსაც გარემოსდაცვითი მომხსენებლი ჰქვია

733

ჟენევაში გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის („ორჰუსის კონვენცია“) მხარეთა შეხვედრის სამუშაო ჯგუფის მე – 7 სესია დასრულდა.

აღნიშნულ სესიას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე თავმჯდომარეობდა , – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონვენციის მხარეთა შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განიხილეს და მიიღეს, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა გაეროს ფარგლებში პირველი ახალი ინსტიტუტის – სწრაფი რეაგირების მექანიზმის ჩამოყალიბებაა. ეს იქნება ე.წ. მომხსენებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული პირების მიერ ორჰუსის კონვენციაში გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით სწრაფ რეაგირებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნების დაახლოებას მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანთან – 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან, რაც მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას გულისხმობს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ორი წლით ვიყავი არჩეული „ორჰუსის კონვენციის“ მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარედ. „ორჰუსის კონვენცია“ არის გარემოსდაცვითი დემოკრატიის სფეროში მსოფლიოს უმთავრესი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან გარემოსდაცვას და ადამიანის უფლებებს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი თავმჯდომარეობის დროს შეიქმნა და დამტკიცდა ახალი მექანიზმი, რომელსაც გარემოსდაცვითი მომხსენებლი ჰქვია (Special Rapporteur on environmental defenders) და რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს. ასევე ძალიან ამაყი ვარ, რომ გვინეა-ბისაუ, ქვეყანა რომელიც გაეროს ეკონომიკური კომისიის მიღმა მდებარეობს შეურთდა კონვენციას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.