პრემიერი: მეორე ტური სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას და არა სააკაშვილის გამო

626

ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში ვიზიტისას თქვა, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატებმა პირველ ტურში “მოღალატე გახარიას” გამო ვერ გაიმარჯვეს.

საქართველოს პრემიერმინისტრი ქუთაისში, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ეწვია. მან არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ “მოღალატე გახარიას” ფაქტორმა განაპირობა, რომ მათმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა.

“რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული დამაჯერებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებდა, – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა რომ არჩევნების მეორე ტურში “ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელებს და მჩაგვრელებს”.

“ქუთაისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა. მეორე ტური სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი! მეორე ტურში ვინ არის ჩვენი ოპონენტი? – მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ  დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში. ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი, არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელებს და მჩაგვრელებს”.