“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “აზრზე არაა, რას ნიშნავს თვითმმართველობა”. მისი თქმით, ეს სიახლე არ არის, უბრალოდ, ამის კიდევ ერთხელ მოსმენა, არის ძალიან მძიმე.
სამნიძემ ასევე ისაუბრა, რომ სიძულვილისა და ზიზღის ენასთან ერთად, ღარიბაშვილი და ზოგადად ხელისუფლება, ქვეყანაში თესავს ნიჰილიზმს, თითქოს, ოპოზიციის არჩევის შემთხვევაშიც, არაფერი არ შეიცვლება.
“საგანგაშოა, სახიფათოა, ძალიან მძიმეა ამ რეალობის ისევ დანახვა — ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც საერთოდ აზრზე არაა, რას ნიშნავს თვითმართველობა, ძლიერი და დამოუკიდებელი თვითართველობა. მას ჰგონია, რომ ვინც არ უნდა იყოს თვიმთართველობაში, ოპოზიცია თუ მისი გუნდის წევრები, ის აკონტროლებს ყველაფერს. ანუ ცენტრალური ხელისუფლება არის მთავარი ის იღებს გადაწყვეტილებებს, ანუ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, ადგილობრივ დონეზეც, რა გადაწყვეტილებები მიიღონ მმართველებმა. ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ აზრზე არაა და იმასაც, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სინამდვილეში დეცენტრალიზაცია და დამოუკიდებელი თვითმმართველობა”, — თქვა ხათუნა სამნიძემ ფორმულას ეთერში.
დღეს, 22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ყოფნის დროს თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია გაიმარჯვებს, ის ხელისუფლების გარეშე “ნაბიჯს ვერ გადადგამს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია, ნაყოფიას კი “არანაირი პერსპექტივა არ აქვს”.