“ნაციონალური მოძრაობის” სენაკის მერობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია, რომ ოპოზიციის მოგების შემთხვევაში, ფინანსური რესურსი “გამოეცლებათ ხელიდან” და ვეღარ შეძლებენ “ფულის კეთებას”. ასე ეხმაურება ის პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სენაკში ყოფნისას თქვა, რომ ნაყოფიას იქ “პერსპექტივა” არ აქვს.
“რაც ისაუბრა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეავიწროვებს თურმე ის მერებს შემდგომში, თუ ისინი ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან. მინდა, მას ვუთხრა, ეტყობა, ძალიან ეშინია, რომ მისი და ქართული ოცნების კლანები, იმის შემდეგ, რაც 30 ოქტომბერს სრული გამარჯვება დაფიქსირდება — არა მხოლოდ სენაკში, არამედ ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, რუსთავში, ქუთაისში, თბილისში — გამოეცლებათ ფინანსური რესურსები, ვერ შეძლებენ ფულის კეთებას, აი, ეს ადარდებს.
ადარდებს ის, რომ მისი კლანები ისე ვერ ითარეშებენ და ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ვერ ჩააგდებენ საქართველოს მოსახლეობას. მინდა, დავარწმუნო, რომ ეს მორიგი ტრიუკი არ გამოუვათ, ხალხმა ძალიან კარგად იცის, საქართველოს კანონმდებლობაც, ვის რისი გაკეთება შეუძლია, ამიტომ 30 ოქტომბერს ხალხი მათ აუცილებლად გამოუტანს განაჩენს”, — განაცხადა ნაყოფიამ.
დღეს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია გაიმარჯვებს, ის ხელისუფლების გარეშე “ნაბიჯს ვერ გადადგამს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია, ნაყოფიას კი “არანაირი პერსპექტივა არ აქვს”.
სენაკში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კობა ნაყოფია ქართული ოცნების კანდიდატს, ვახტანგ გადელიას უპირისპირდება. ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:
- კობა ნაყოფია — 42,35%;
- ვახტანგ გადელია — 40,251%.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.