რატომ გადაწყვიტა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ასპინძის მოქმედმა გამგებელმა

1040

რატომ გადაწყვიტა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა – ასპინძის მოქმედი გამგებელი და მერობის კანდიდატი, ლევან ცაბაძე, დუმილს არღვევს.

ცაბაძე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატად საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს როსტომ მაგრაქველიძეს ასახელებდა: „კანდიდატის შერჩევა, ჩუმად, ჩემს ზურგს უკან მოხდა. შემთხვევით რომ არ გამეგო, ალბათ წარდგენისას გამაგებინებდნენ, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და ვერ დავეთანხმებოდი. ჩემთვის რომ ეთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება და ასე გვჭირდება, მე ამას მივიღებდი“.

ლევან ცაბაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ კამპანიის აგორება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, მიზანმიმართულად დაიწყო.

„გარკვეულმა ძალებმა ვერ აიტანეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რაც ხდებოდა ასპინძაში. აქ თითოეული თეთრი მიზანმიმართულად იხარჯებოდა და „ოცნების“ მხარდაჭერა რაიონში იგრძნობოდა. ამიტომ, ხან ხე–ტყის გაყიდვები დამაბრალეს, ხან კორუფციული სქემები. ამით, შეცდომაში შეიყვანეს მმართველი გუნდი. მე ან უნდა დავთანხმებულიყავი და მეთქვა, რომ ეს ყველაფერი მართალია, ან ეს გზა უნდა ამერჩია“, – ამბობს ცაბაძე და არ აკონკრეტებს, ვნ ცდილობდა მისთვის იმიჯის შელახვას.

იყო თუ არა პარტიიდან მცდელობა, მისთვის კანდიდატურა მოეხსნევინებინათ, ცაბაძე ამაზე არ საუბრობს. იგი ამბობს, რომ მიუხედავადა იმისა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია, პარტიის დატოვებას არ აპირებს: „არსად ვაპირებ წასვლას. თუ გამაგდებენ პარტიიდან, მაშინ ხომ არ დავიწყებ გინდა თუ არა დავრჩებიო“.

ლევან ცაბაძე „ქართული ოცნების“ წევრი 2012 წლიდანაა. იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2013 წლის მაისში დაინიშნა. 2014 წელს კი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა კენჭს და ხმათა 53. 41 % მიიღო.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე