ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი განცხადებებით, პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”. დეკანოიძე ასევე ამბობს, რომ ღარიბაშვილს კონტროლი აქვს დაკარგული და მისი დღევანდელი განცხადებები, “საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადია”.
“ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”, — წერს დეკანოიძე Facebook გვერდზე.
დღეს, 22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ყოფნის დროს თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია გაიმარჯვებს, ის ხელისუფლების გარეშე “ნაბიჯს ვერ გადადგამს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია, ნაყოფიას კი “არანაირი პერსპექტივა არ აქვს”.
ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება არარელევანტურია, თუმცა, მაინც შეადარა. ასევე თქვა, რომ სააკაშვილი “არ არის ნორმალური” და მის ქვეყანაში შემოსვლას სამარცხვინო უწოდა.