“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ვერ იწყებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ლაივ – ჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქუთაისის მერია ვერ იწყებს ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას, რაც მინდა გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ არის მტკნარი სიცრუე და ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. ხელშეკრულება ხელმოწერილია უკვე და გამარჯვებული კომპანიები სულ მოკლე ხანში, რამდენიმე დღეში დაიწყებენ აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციას. ასე რომ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი დანაპირები ყოველთვის სრულდება.
ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა მარტო დროში, არამედ ხარისხიანად დასრულდეს ყველა პროექტი”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
“ფლანგვის დეტექტორმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა, თუმცა ამ დრომდე რეაბილიტაცია არ მომხდარა.