პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მარტვილში მათი კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მარტვილში გამართული შეხვედრების შემდეგ განუცხადა.
„დღეს დავიწყეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში. ჩავდივართ ყველა იმ რეგიონში, სადაც მეორე ტურის არჩევნები გაიმართება. ვხვდებით ჩვენს წევრებს, პარტიულ აქტივს, მხარდამჭერებს. ვულოცავთ მათ იმ საერთო გამარჯვებას, რომელიც 2 ოქტომბერს მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 30 ოქტომბრის მეორე ტურზე.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, 20-ვე მუნიციპალიტეტში, მათ შორის მარტვილში გამარჯვება და ამაში დარწმუნებული ვართ. პირველ ტურში ჩვენს კანდიდატს, თორნიკე ჯანაშიას ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და მეორე ტურში მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.