ხაზარაძე: ეს ერთობა ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის, ეს არის ჩვენი დედაქალაქისთვის

711

ეს ერთობა ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის, არამედ ეს ერთობა არის სწორედ ჩვენი დედაქალაქისთვის, თბილისელებისთვის, თითოეული თბილისელის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციის კოალიციური კაბინეტის და თბილისის განვითარების პროგრამის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, თბილისის კოალიციური მმართველობა შედგება გამორჩეული ლიდერებისგან და გამორჩეული კომპეტენციის ადამიანებისგან.

„ჩვენ ვნახეთ, რომ შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ ჩვენი პირადი, პარტიული ამბიციები და ეს ყველაფერი დავუქვემდებაროთ ჩვენი ქვეყნის, დედაქალაქის, თანამოქალაქეების ინტერესებს. დღეს ჩვენ ვნახეთ შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფად აჩვენოს მრავალპარტიული მართვის უპირატესობა, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს ცვლილებები ჩვენს დედაქალაქში, სწრაფად იქცეს თბილისი მართლაც ევროპულ დედაქალაქად. ეს ერთობა ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის, არამედ ეს ერთობა არის სწორედ ჩვენი დედაქალაქისთვის, თბილისელებისთვის, თითოეული თბილისელის ცხოვრების გასაუმჯობესებლად“,-განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ხვალიდან იწყება თბილისის კოალიციური მთავრობის აქტიური კამპანია.

„დარჩენილ პერიოდში იქნება შეხვედრები თბილისელებთან, კოალიციური მთავრობის წევრები გააცნობენ მათ პროგრამას, იმ ნაბიჯებს, რომელიც გამარჯვების მეორე დღიდანვე დაიწყება, ეს საინფორმაციო კამპანია სწორედ იმის დემონსტრირებაა, რომ არჩევანი არის ერთპარტიულ მმართველობას შორის, რომელმაც ჭაობში შეგვიყვანა და მრავალპარტიულ მოდელს შორის, სადაც საუკეთესო ლიდერები, საუკეთესო კომპეტენციის ადამიანები არიან გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის ინტერესებისთვის“,-განაცხადა ხაზარაძემ.