აბესაძე: განვახორციელებთ არაერთ მასშტაბურ ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტს – გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად და გავიმარჯვებთ თქვენთვის

248

დღეს განსაკუთრებით თავდაჯერებული ვარ, რომ სწორედ ამ გუნდის, ამ პროფესიონალი ადამიანების სახელით მეძლევა შესაძლებლობა, თბილისის ხვალინდელ დღეზე ვისაუბრო, – ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერის მოადგილის კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ ოპოზიციის კოალიციური კაბინეტის და თბილისის განვითარების პროგრამის წარდგენის თაობაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელების ცხოვრება გაუმჯობესდება და სამუშაო ადგილები შეიქმნება.

„ვისაუბრო მერის როლზე, რომ თბილისელების ცხოვრებაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიტანოთ სასიამოვო სიახლეები და რაც მთავარია, თბილისის მერის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტის, დახარჯული თითოეული ლარის მიზნად ვაქციოთ თბილისელების ცხოვრების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმებულებისთვის შემოსავლის გაზრდა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის სტიმულის მიცემა, რომ რეგიონში სწორედ თბილისი აქციონ საკუთარი საქმიანობის ადგილად. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვახორციელებთ არაერთ მასშტაბურ ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტს“,-განაცხადა აბესაძემ.

მან დაასახელა ის პროექტები, რაც არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება. ირაკლი აბესაძემ ამომრჩევლებს 30 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად და ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთვის“, -განაცხადა აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა წარადგინა. მერის მოადგილეობის კანდიდატებად ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, და ირაკლი აბესაძე დაასახელა.