ირაკლი ხმალაძე: თბილისში მალე არც ერთი დაუსრულებელი მშენებლობა აღარ იქნება

301

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში მალე არც ერთი დაუსრულებელი მშენებლობა აღარ იქნება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა 9 ათასი ოჯახის პრობლემა უკვე გადაწყვიტა და მათთვის შენდება ბინები, რასაც წლების განმავლობაში ელოდნენ.

როგორც ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, თბილისში 13 ათასი ოჯახი იყო დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებული და მათგან 9 ათასი ოჯახის პრობლემა უკვე გადაწყვეტილია.

„ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირებაა, რომ არც ერთი დაუსრულებელი მშენებლობა არ იყოს თბილისში. ჩვენ ამ დაპირების წარდგენის უფლებასა და ლეგიტიმაციას გვაძლევს ის შედეგები, რაც წლების განმავლობაში გავწიეთ. სამი ყველაზე მსხვილი, დაუსრულებელი პროექტი, „ცენტრ პოინტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და „სვეტი“ ის პროექტებია, რაც განვახორციელეთ. ჯამში 9 ათასი ოჯახის პრობლემა გადაწყვიტა მუნიციპალიტეტმა. თითოეული მათგანისთვის უკვე იქმნება საცხოვრებელი ბინები, ის, რასაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ, თანაც სრულიად უიმედოდ. ზოგიერთი პროექტი მშენებლობის ეტაპზეა, ზოგიერთი – მოსამზადებელზე, მაგრამ მთავარია, რომ კონცეპტუალური, ეკონომიკური, სამართლებრივი გადაწყვეტილებები უკვე მიღებული და შეთანხმებულია. როდესაც ამ პრობლემის მოგვარება დავიწყეთ, გვყავდა 13 ათასი ოჯახი დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებული, 9 ათასი ოჯახის პრობლემა უკვე გადავწყვიტეთ, დარჩენილია შედარებით პატარა პროექტები. ჯამში 4 ათასი ოჯახია დასაკმაყოფილებელი და ძალიან თამამად შეგვიძლია უკვე ამ დაპირების გაცემა, რომ თბილისში მალე არც ერთი დაუსრულებელი მშენებლობა აღარ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.