ხმალაძე ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებებზე: ეს არის უპასუხისმგებლობისა და არაკომპეტენტურობის კლასიკური მაგალითი

407

ირაკლი ხმალაძემ ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის უპასუხისმგებლობისა და არაკომპეტენტურობის კლასიკური მაგალითი. ვიცე-მერმა ამის შესახებ „ქრონიკაში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ საჯარო სკოლების არცერთი კომპონენტის მართვა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში არ შედის.

„როდესაც ნიკა მელია ამბობს, რომ უნდა მოხდეს საჯარო სკოლებში კვების ფასის ნულამდე დაყვანა და ეს უნდა მოხდეს რაღაცის ხარჯზე, მუნიციპალიტეტი უნდა ადგეს, გადაიხადოს ეს ფული რაღაცის ხარჯზე. საინტერესოა რა აქვს მხედველობაში, რას უნდა მოაკლდეს ეს თანხა. იგივე დაპირება იყო პენსიონერებზე დანამატი. თბილისში გვყავს 230 ათასი პენსიონერი და მათთვის იმ განაკვეთით დანამატის გაცემა, რაც ბანერებზეა განთავსებული, საჭიროებს 280 მილიონ ლარს. მაინტერესებს საიდან მოდის ეს 280 მილიონი ლარი. ის რესურსი, რაც ამ დაპირებებს სჭირდება, დარწმუნებული ვარ წარმოდგენა არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს საიდან უნდა მოხდეს ამ პროექტების დაფინანსება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა ბანერები დაპირებებით. მაგალითად, ნიკა მელია ამომრჩეველს საჯარო სკოლებში უფასო კვებას ჰპირდება, რაც მერის უფლებამოსილებაში არ შედის.