სენაკის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ კლიპში მონაწილეობს

1327

სენაკის 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უშანგი ჩილაჩავა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობს. ვიდეორგოლში ის ანსამბლ „სენაკთან“ ერთად მღერის. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას შეფასებით, სწორედ საქართველოს საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით, სენაკის 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს „არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ კლიპში, რადგანაც ეს კლიპი სააგიტაციო შინაარსისაა“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და მასში მონაწილეობის უფლება.

სენაკის №64-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე მიიღეს. კომისიის თავმჯდომარე ცოტნე შუშანიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეიტანეს. ცოტნე შუშანია ირწმუნება, უბნის თავმჯდომარის საარჩევნო კლიპში მონაწილეობის შესახებ ადრე ინფორმაცია არ ჰქონდა.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის განიხილავენ საჩივარს და მოესწრება თუ არა არჩევნებამდე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს: „საჩივრის განსახილველად ერთთვიანი ვადა გვაქვს და წინასწარ ამაზე ვერ გეტყვით. საქმის წარმოება გვიჩვენებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ“.

თავად უშანგი ჩილაჩავასთან დაკავშირება „ლაივპრესმა“ ვერ შეძლო.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაეკისრება თუ არა სანქცია, უშანგი ჩილაჩავას და რა სახით, სასამართლო მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც საქმის განხილვას სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია დაასრულებს.

მოგვიანებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობისთვის სენაკის ოლქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობისთვის „ქართული ოცნების“ კლიპი ჩაწერილია აგვისტოს დასაწყისში, როცა აღნიშნული პირი თავმჯდომარის პოსტს არ იკავებდა.

„ეს კლიპი ჩაწერილია გვისტოს დასაწყისში, როდესაც არ იყო არჩევნები დანიშნული. ის არის ანსამბლის წევრი, რეგულარულად მღერის ამ ანსამბლში; შესაბამისად, ვერ ექნებოდა შეუთავსებლობა, რადგან არც კი ეცოდინებოდა, რომ უბანში აირჩევდნენ თავმჯდომარედ. რაც შეეხება არჩევნებს, 22 აგვისტოს დაინიშნა. იმ შემთხვევაში არც შეუთავსებლობა იყო და არც სამართლებრივი მექანიზმი გვაქვს, რომ კონკრეტულ პარტიას ეთერში კლიპის გაშვება ავუკრძალოთ იმიტომ, რომ მასში მონაწილეობს პირი, რომელიც შემდგომში დაიკავებს თანამდებობას, რომელიც არ შეიძლება ჰქონოდა კლიპის გადაღებისას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.