„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თბილისის მომავალ მთავრობაში „ლელოს“ და „დროას“ საკვანძო პოზიციები ექნებათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით განუცხადა.
„თბილისის კოალიციური მთავრობის წარდგენა დღეს საღამოს იქნება. „ლელოს“ ექნება საკვანძო პოზიციები, ისევე როგორც „დროას“ ექნება საკვანძო პოზიციები თბილისის მომავალ მთავრობაში და ეს მთავრობა ფორმირდება, პირველ რიგში, კომპეტენციის საფუძველზე და იმის საფუძველზე, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა. ერთპარტიულ მმართველობას მოაქვს კრიზისი, ავტოკრატია, ავტორიტარიზმი და მრავალპარტიული მმართველობა არის დაფუძნებული ურთიერთკონტროლზე, ინტერესების ბალანსირებაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობაზე. ამიტომ ჩვენ ყველგან უნდა ჩავანაცვლოთ ერთპარტიული მმართველობა მრავალაპარტიული მმართველობით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.