უგულავა კალაძეზე: ევრორემონტის ჩატარება და ფლეიბოივით სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის, არ არის მერობა

817

თბილისის ყოფილი მერი და ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა დედაქალაქის მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს უხსნის, რა არის მერობა და რა არა. უგულავას თქმით, მერობა ადამიანების თანადგომაა და არა “ფლეიბოივით ქუჩაში სიარული”.

“კონკრეტულს რამეს ჰპირდება? ეს, მარტო ევრორემონტის ჩატარება და მერე ფლეიბოივით სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის. ეს არ არის მერობა. მერობა არის უამრავი გაჭირვებული ადამიანის თანადგომა. უამრავი გაფუჭებული, თუ დაძველებული, თუ ინფრასტრუქტურული, თუ ავარიული, თუ ათასი რამის გაკეთება და მერე თავის შეკავება”, — განაცხადა უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.

თავის შეკავებისკენ უგულავამ კალაძეს იმ ვიდეომიმართის გავრცელების შემდეგ მოუწოდა, სადაც კალაძე ნაციონალურ მოძრაობასა და მის კონკურენტს, ნიკა მელიას აკრიტიკებს.

“ის, რაც გუშინ კალაძისგან ვიხილეთ, უბრალოდ ადამიანური ტრაგედია იყო. სახე დაკარგული, ძალაუფლებას მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება და ცოტა ფეხები უკანკალებს, ვაიმე დედა, რა მეშველება. ამხელა კაცია, ძალაუფლების გარეშე არ უცხოვრია? ამხელა შედეგები ჰქონდა სხვა სფეროში, ხო? იცხოვრე თანამდებობის გარეშე, რა მოხდა? თანამდებობის დაკარგვა ტრაგედია კი არაა”, — აცხადებს უგულავა.

გუშინ, 18 ოქტომბერს, კალაძემ ამომრჩევლებს პირდაპირ ეთერში მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნებზე მისდამი აგრესიის და სიცრუის მიუხედავად, ევროპული კამპანია ჰქონდა. კალაძე ამბობს, რომ არ უსვამდა ხაზს ოპონენტების ნაკლოვანებებს, რის შემდეგაც ოპონენტების კრიტიკას იწყებს. კერძოდ, მეორე ტურში გადასულ კანდიდატს, ნიკა მელიას “ხულიგნურ პროვოკაციებში” ადანაშაულებს, ნაციონალურ მოძრაობას კი “ბოლშევიზმის” განსახიერებად მოიხსენიებს.