გადამწყვეტ მეორე ტურამდე მხოლოდ 12 დღე რჩება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნებისთვის მზადება საარჩევნო კომისიებში კანონდარღვევით მიმდინარეობს. თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების მიუხედავად, კომისიამ საარჩევნო უბნები მაინც არ გახსნა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ამ კანონდარღვევას ცესკო არ აღიარებს.
“თელავის საოლქო კომისიაში შემავალი არცერთი უბანი არ არის გახსნილი და ადამიანები როცა რეკავენ და გადასატან ყუთს ითხოვენ, უბნის თავმჯდომარეები ეუბნებიან, რომ ვერ დაარეგისტრირებენ. რა თქმა უნდა, ეს არის კანონდარღვევა”,- ამბობს გიორგი შანხელაშვილი საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილი კი ამტკიცებს, რომ უბნების 80% გაიხსნა და აღნიშნავს – “ჩამოვიტანე თბილისიდან ამომრჩეველთა სიის ვერსია. დაუყონებლივ დარიგდა და შორი უბნები სადაც იყო ვერ მოვასწარი. დილაზე, 11 საათისთვის ყველას ექნება სიები გადაცემული”.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.