ვინ არიან ადამიანები, რომლებიც გუშინ, “ქართული ოცნების” დავალებით, მშვიდობიან მომიტინგეებს გორთან ცოცხებით ხელში ხვდებოდნენ – “მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ ყველა მათგანი ან თავადაა საჯარო მოხელე, ან ბიუჯეტიდან ხელფასს მათი ოჯახის წევრები იღებენ.
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ლია ოღაძე, ქვემო ჭალის გამგებლის მეუღლე, რომელმაც გარდა იმისა, რომ მედიას შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა, საქართველოს დროშა ფეხქვეშ გათელა. ოღაძე დღეს “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დაემალა, ოჯახის წევრებმა კი მისი გუშინდელი ქმედება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებად შერაცხეს.
აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სპორტისა და ა(ა)იპ-ის თანამშრომლები კასპიდან – გიორგი ყვავილოვი და მაიკო თაბუაშვილი. ადგილზე იყო “ოცნების” კოორდინატორი გიული ყოჩიშვილი და მმართველი გუნდის აქტიური მხარდამჭერი ფარნა მახოხაშვილი, რომელიც გორის ტრანსპორტის სააგენტოში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მახოხაშვილი “მთავარ არხთან” გამართულ აქციაზეც იმყოფებოდა და ამტკიცებდა, რომ “აღშფოთებული მეღვინე” იყო.
გარდა ამისა, აქციაზე იმყოფებოდა ლევან ჯომარდაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” წევრი და ყოფილი მაღალჩინოსანია.
შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს, დილით, მას შემდეგ რაც ათასობით ადამიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასასწრებად კოლონებით თბილისისკენ დაიძრა, მმართველმა პარტიამ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის მობილიზება შეძლო, რომლებიც მსვლელობის ჩაშლას ცოცხებით ხელში ცდილობდნენ.