პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ის აღნიშნავს, რომ პანდემია ვაქცინაციის გარეშე არ დასრულდებ და თუ რეგულაციები არ გვსურს, უნდა ავიცრათ.
“დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, მემგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ, ჯობია, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება”, — განაცხადა ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ტედროს გერბეიესუსთან შეხვედრის შემდეგ .
აქვე, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აცრა ყველასთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორსა და სკოლებში მუშაობს.
“თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ და ყველას ეს ძალიან გვინდა, სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ყველა ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებელი, აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა”, — ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაშელს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდება. ის უკვე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს გებრეიესუსს.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ ბერნში შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ზურაბიშვილი ასევე, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, გი პარმელსა და შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ირენ კელინთან გამართავს შეხვედრებს.
14 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 895 771 აცრაა ჩატარებული, დღიურად აცრილია — 6 110. დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 982, ხოლო გარდაიცვალა — 38 ადამიანი.