საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან

1599

თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა. ალიბეგაშვილმა კომენტარი გააკეთა საკრებულოს შენობასთან პოლიციელების მობილიზაციასა და შესასვლელების დახურვის გამო.

გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მათ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს, კერძოდ, საკრებულოს ბოლო სხდომის ჩაშლის მცდელობისა და მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო.

„თბილისის საკრებულო ქალაქის თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომლის ვალდებულებაა დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები, იზრუნოს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე. ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომაზე გამოვლენილმა ჩაშლის მცდელობამ და აგრეთვე მერიასთან განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართლადამცველების შეურაცხყოფა და ამავე დროს ინფრასტრუქტურის დაზიანება. აქედან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. კანონის დარღვევის საშუალებას არავის მივცემთ, რეგლამენტი უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, მე ჟურნალისტებს მოგმართავთ, როდესაც დაესწრებით წარდგენილი საკითხების განხილვას, ბუნებრივია, ჩვენი თხოვნა იქნება ჩვენ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანია საკრებულოს სხდომის ჩაშლა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

საკრებულოს შენობის შესასვლელთან ამ წუთებში რკინის კორდონია გაკეთებული, რომლის უკანაც საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დგას.

წყარო: ინტერპრესნიუსი