მონიტორინგის შედეგად, კეთილმოწყობის სააგენტო გორში 15-მა თანამშრომელმა დატოვა

408

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აუდიტის სამსახურმა მუშაობა დაასრულა. მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის ინფორმაციით, სააგენტოზე დაქვემდებარებული თითოეული სამსახურის მონიტორინგი მისი ინიციატივით განხორციელდა და ყველა დოკუმენტი შეისწავლეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მისი თქმით, იყო მცირედი ხარვეზები, რაც ამ დროისთვის აღმოფხვრილია. გიორგი ბარჯაძის განმარტებით, მისი დანიშვნის შემდეგ სააგენტო 15-მა თანამშრომლემა დატოვა, ზოგიერთმა პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი დისციპლინარული გადაცდომების საფუძველზე გაათავისუფლეს.

“ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ჩავატარეთ აუდიტი, მაინტერესებდა თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები. გავიარე ყველა განყოფილება, საწყობი, შესრულებული სამუშაოები. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა მცირედი ხარვეზები, რაც უკვე გამოსწორებულია და აქტიურად გადასულები ვართ სამუშაო რეჟიმზე. მოხდა იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომელთა მხრიდან გამოიკვეთა დისციპლინარული გადაცდომები, ნაწილმა კი ჩემს მიერ შემოღებული წესებისა და მოთხოვნების შედეგად აღარ ინდომა მუშაობის გაგრძელება, რომლებმაც სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს,” – აღნიშნა გიორგი ბარჯაძემ.

ინფორმაციისთვის, გიორგი ბარჯაძე 2021 წლის მაისიდან დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად. მან ამ თანამდებობაზე ბაჩანა გვიანიშვილი შეცვალა.