გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი ნოემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

501

გურჯაანში, ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი ნოემბრის თვიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

თავშესაფარის მშენებლობა უკვე დასრულებულია და დაწესებულებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თემურ ზავრაშვილი უხელმძღვანელებს. ამჟამად მიმდინარეობს ვეტერინარების და პერსონალის გადამზადება.

“მინდა ავღნიშნო, რომ ეს იქნება პოპულაციის მართვის სააგენტო. აქ მოხდება ცოფზე აცრა, ჩატარდება სრული სამედიცინო მანიპულაციები. მოხდება ასევე სტერილიზაცია-კასტრაციის გზით პოპულაციის მართვა, სპეციალური საჭდეების გაკეთება. იმუშავებს ცხოველთა გაჩუქების პროგრამა. ამჯერად ვმუშაობთ სატესტო რეჟიმში. მიმდინარეობს კადრების გადამზადება.

ასევე ხვალ და ზეგ, ჩვენს ქირურგებთან ერთად, თბილისიდან ჩამოსული ვეტერინარები ჩაატარებენ სატესტო ოპერაციებს, რომლის მეშვეობითაც 70 ძაღლს გავასტერილებთ. მსგავსი სატესტო ოპერაციები ხშირად ჩატარდება, მანამ სანამ გაიხსნება პოპულაციის მართვის სააგენტო. ნოემბრის შუა რიცხვებიდან უკვე გავიხსნებით და ყოველდღიურ რეჯიმში დავიწყებთ აქტიურად მუშაობას”,– განაცხადა თემურ ზავრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფრის საქმიანობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

აღნიშნულ დაწესებულებაში მოწყობილია კარანტინის, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ბლოკები 100 ერთეული. ასევე შეიქმნება რეგიონის ერთიანი ელექტრონული ბაზა, იმუშავებს 8 სპეც. ავტომობილი, 1 სწრაფი რეაგირების ავტომობილი, 24/7 ქოლცენტრი. საერთო ჯამში, ხელმისაწვდომი იქნება 80-მდე სახის მომსახურებობით სარგებლობა.