ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაძლოა, მუნიციპალური სამსახურის უფლებამოსილება გაფართოვდეს.
როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ისინი შესაბამის ცვლილებებს კანონმდებლობაში განახორციელებენ.
თურნავას თქმით, ბათუმში მომხდარი ტრაგედია ყველასთვის არის გაკვეთილი.
„მინდა შევუერთდე მთავრობის წევრებს და მწუხარება გამოვთქვა დაღუპულების გამო, ოჯახებთან ერთად ვიზიარებ მათ მწუხარებას. ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა იმოქმედეს ძალიან სწრაფად, მაქსიმუმი გააკეთეს, გმირობის ტოლფასი იყო, 24 საათის რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, თუმცა მსგავსი კატასტროფების დროს, ლეტალური გამოსავალი ხშირია და სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე ვერ დასრულდა ეს ფაქტი.
ეს ფაქტი მართლაც არის დამაფიქრებელი. მიუხედავად იმისა, რომ იქ იმ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიება სწრაფად წარიმართა და უკვე გამოკვეთილია დამნაშავეები, როგორც ჩანს, მოკლებული იყო შესაბამისი ორგანოები, რომ ინფორმაცია ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, ესა თუ ის მოქალაქე თავის სარდაფში რას გააკეთებს. თუ არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს , რა თქმა უნდა, ვერ გავიგებთ. თითოეულ ადამიანს უფრო მეტი წინდახედულობა და პასუხისმგებლობა მართებს. ეს ყველასთვის არის გაკვეთილი, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაფართოოთ მუნიციპალური შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილებები, მუნიციპალური ინსპექციების, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციაზე და მოქალაქეებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა. მოქალაქეებმაც უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე და ჩვენ შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში“ , – განაცხადა თურნავამ.