როდის გაიხსნება რეაბილიტირებული მეტროსადგური გოცირიძე? – ირაკლი ხმალაძის განმარტება

567

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულებების პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

„ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, – ამბობდა კახა კალაძე 10 თებერვალს.

ამ განცხადებიდან 8 თვის თავზე მეტროსადგურის გახსნის ვადა კვლავ უცნობია. დღეს თბილისის ვიცე-მერს ჰკითხეს, თუ რა ხდება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.

„კონტრაქტორ კომპანიას ჰქონდა სერიოზული ჩამორჩენა შესრულებასთან დაკავშირებით და გავაუქმეთ მასთან ხელშეკრულება. ახალ კომპანიასთან ოქტომბერშივე დაიდება ხელშეკრულება და დაახლოებით 5-6 თვეში დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები“-განაცხადა ხმალაძემ.