სოფელ დიცში „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება

1008

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში დღეს, მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი „სკვერის ბიბლიოთეკას“ გახსნიან.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, სკვერში მინი ბიბლიოთეკა (ე.წ. „წიგნის ბუდე“) დაიდგმება და მასში განთავსებული წიგნებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება სარგებლობა. კერძოდ, მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკიდან წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დატოვონ. ამგვარი მოდელი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშია გავრცელებული.

მინი ბიბლიოთეკის დიზაინი სიმბოლური დატვირთვისაა და მას კარვის ფორმა აქვს. ასეთი კარვის ფორმის ბიბლიოთეკები ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარე სხვა სოფლებშიც განთავსდება. ამ ეტაპზე მსგავსი მინი-ბიბლიოთეკის განთავსება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცშია დაგეგმილი. „სკვერის ბიბლიოთეკა“ რამდენიმე ხნის წინ ანაკლიის ბულვარშიც მოეწყო.

„ეკვილიბრიუმმა“ საქართველოს არაერთ ქალაქში განათავსა მინი-ბიბლიოთეკები. ამჟამად პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. კერძოდ, დაარსდება „სკვერის ბიბლიოთეკები“, სადაც დისკუსიები და სამოქალაქო აქტივობები გაიმართება და იგი ერთგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე გახდება.

„სკვერის ბიბლიოთეკები“ მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ანაკლიის განვითარების კოსორციუმის დაფინანსებით ხორციელდება და იგი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და კულტურულ-საგანმანათებლო სივრცეების შექმნას.

სოფელ დიცში სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, სამშენებლო კომპანიების „ნოვას“ და „ციტადელის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი