მთავრობისა და მუნიციპალიტეტების გლოვა არასწორი თარიღით ფეისბუქბანერებზე

1298

დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში გლოვის დღეა – ქვეყანა 8 ოქტომბერს ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში გარდაცვლილ ადამიანებს გლოვობს. ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო საქართველოს მთავრობამ, სამინისტროებმა, აჭარის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ორგანომ, სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლობებმა, მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე სამგლოვიარო ბანერები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ უმეტეს მათგანზე თარიღი არასწორადაა მითითებული – 08/10-ის, 08/10/21-ის, ანდა, გლოვის დღის ხაზგასასმელად, 11/10-ის, ან 11/10/21-ის ნაცვლად, ბანერების დიდ ნაწილზე 11/21 აწერია.

როგორც წესი, ასეთ ბანერებს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომი ქმნის ხოლმე და გასავრცელებლად უწყებებში ცენტრალიზებულად აგზავნის. როგორც ჩანს, ამჯერადაც ასე მოხდა, რადგან აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულთა ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული სამგლოვიარო ბანერები უმეტესად ერთი და იგივეა.

შეცდომა გაიზიარეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმაც, მათ შორის, ბათუმის მერიამ და საკრებულომ. მათმა დიდმა ნაწილმა სამწუხარო შეცდომა ვერ აღმოაჩინა და ბანერი საკუთარ გვერდებზე უცვლელად გამოაქვეყნა.

გამონაკლისი რამდენიმე მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. მათ ცენტრალიზებულად გავრცელებული ბანერების ნაცვლად, საკუთარი ბანერები, ანდა ადმინისტრაციულ შენობაზე ჩამოშვებული დროშების ფოტოები გამოფინეს.

ცხადია, გლოვის ხარისხს ფეისბუქბანერები არ განსაზღვრავს. ეს ფაქტი, უბრალოდ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მართვის ცენტრალიზებულ მიდგომებს ცენტრალური მთავრობიდან სულ ბოლო მუნიციპალიტეტამდე, მათ შორის, სოციალური ქსელების მართვის თვალსაზრისითაც.