ISFED უბნების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

277

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით, მათ დამკვირვებლებს ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს, რის გამოც ყველა ოლქში მისვლა ვერ შეძლეს. „9 ოქტომბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა რეკომენდაციით, გადაითვალონ იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები, სადაც ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების მაღალი რაოდენობა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილია საჩივრები, ან/და ოქმებში გამოვლინდა მეტობით დისბალანსები. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საჩივრებით მოთხოვნილი საარჩევნო უბნების გადათვლა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით მისასალმებელი ნაბიჯია. ასევე აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს, გარკვეული უბნების გადათვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ორი საათით ადრე, თავად გადათვლა კი დაინიშნა ღამის 22:00 საათზე. ამის გამო, ორგანიზაციის დამკვირვებლები ხმების გადათვლას ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ვერ დაესწრნენ”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 9 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ISFED-მა მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას, იმ შემთხვევაში, თუ ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ დადგება ისეთი შედეგი, რომელიც ცვლის საარჩევნო სუბიექტების შედეგებს, ასეთი საარჩევნო უბნების სრული დოკუმენტაცია გაიხსნას და შემოწმდეს. ” ასეთ შემთხვევაში, ასევე, აუცილებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან კონსულტაცია და შესაბამისი ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის ფაილების გადამოწმება“, – აცხადებენ „სამართლიანი არჩევნებში“. შეგახსნებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, ახალციხის N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ, ოთხი უბანი ხელახლა გადაითვლა, პროცესს არ ესწრებოდა „სამართლიანი არჩვნების“ წარმომადგენელი.