ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: ოლქებმა გადათვალეს წინასწარ შერჩეული 3-4 უბანი, როდესაც იმ ოლქებში უფრო პრობლემური უბნებიც არსებობდა

570

ოლქებმა გადათვალეს წინასწარ შერჩეული 3-4 უბანი, მაშინ, როდესაც იმ ოლქებში უფრო პრობლემური უბნებიც არსებობდა, ამან კი ვერ მოხსნა საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშნები, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენი უბნის გადათვლა არის საკმარისი, სიორიძე პასუხობს: „იმდენი, რამდენიც დემოკრატიას სჭირდება”.

„2 დღის წინ, ცესკოს სხდომაზე გავაკეთე განცხადება და საოლქო საარჩევნო კომისიებს მოვუწოდე საკუთარი თავისი ინიციატივით გადაეთვალათ საარჩევნო უბნები, რათა საზოგადოებაში აღარ არსებობდეს კითხვის ნიშნები 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმებთან დაკავშირებით.

საარჩევნო კომისია არ არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ორგანო, ის უნდა გამოვიდეს ვიწროპროცედურული ჩარჩოებიდან და ფართოდ უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასწორის პინაზე არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობა დევს.

ცესკოს უმრავლესობა მწვავე კრიტიკით შეხვდა ამ ინიციატივას, თუმცა გუშინ, ცესკოს თავმჯდომარე თავად გამოვიდა მსგავსი ინიციატივით და ამავე დასაბუთებით მოუწოდა საოლქო კომისიებს კონკრეტული კრიტერიუმებით შერჩეული უბნების გადათვლისკენ. ამის შედეგად, წუხელ, საღამოს 10:00 საათისთვის თითქმის ყველა საოლქო კომისიაში ჩაინიშნა სხდომა და გადაითვალა რამდენიმე უბნის შედეგები.

კონკრეტული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოლქებმა გადათვალეს წინასწარ შერჩეული 3-4 უბანი, მაშინ, როდესაც იმ ოლქებში უფრო პრობლემური უბნებიც არსებობდა. ამან კი ვერ მოხსნა საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშნები.

19 აპრილის შეთანხმების შედეგად განხორციელებული საარჩევნო რეფორმის მიზანი იყო არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაჩენა. ამავე რეფორმის შედეგად საარჩევნო კომისიებში გაიზარდა ოპოზიციის წარმომადგენლობაც. სწორედ ამ მიზნით, დღეს, ცესკოს ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ მოხდეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული ყველა უბნის, დისბალანსიანი უბნების და საჭიროებისამებრ, მთლიანი ოლქების გადათვლა, რათა საზოგადოებას აღარ ჰქონდეს კითხვის ნიშნები.

მსგავსი მასშტაბური გადათვლის პრეცედენტი საქართველოში ადრეც ყოფილა, 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც ივნისში ჩატარებული არჩევნების შედეგად გადათვლები იმ მოცულობითა და მასშტაბით მიმდინარეობდა, რომ საკრებულოები ნოემბერში შეიკრიბა“, – განაცხადა მან.