ჩარკვიანი: „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავს

312

„სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავს, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს „სახალხო მოძრაობის” ხელმძღვანელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, აქცია იქნება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი ხასიათის, რომელიც მიეძღვნება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებს.

“დიდ, მრავალათასიან აქციას ვაანონსებთ. ეს არის ის შეპირებული აქცია, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობდით. “სახალხო მოძრაობა” აანონსებს გამაფრთხილებელ აქციას არჩევნების სავარაუდო, კვლავ გაყალბების წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის ვადამდელი არჩევნებისთვის გასათავისუფლებლად. ყველაფერი ეს ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი – ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც გაუკეთა ვლადიმერ პუტინს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს ადამიანი შიმშილობს და მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ამასთან, ზუსტად იმისთვის, რომ არ მოხდეს გაყალბება, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი რუსთაველი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ. სირცხვილია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მომუშავე პრეზიდენტი მოვაკვლევინოთ ოსტატურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას”, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ამასთან, როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, “სახალხო მოძრაობაში” შეთანხმდნენ, რომ აქცია 14 ოქტომბერსაც გაიმართება.

“აქციას 10 ოქტომბერს დავიწყებთ, დავიჭერთ ამ ყველაფერს, მივატანთ 14 ოქტომბრამდე”, – აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე განმარტებით, თუ “სახალხო მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, ეს ფაქტი მათ ხელს არანაირად შეუშლის.

„დღეს სამწუხარო განცხადება მოვისმინე „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლისგან”, „ლელოსგან” და „ევროპული საქართველოსგან” და ეს მათი პრობლემაა. მათაც ჰყავთ ამომრჩევლები, რომლებიც იტყვიან თავის სიტყვას და თუ ისინი ამ აქციას არ შეუერთდებიან, ეს აქციას ხელს არაფერში შეუშლის, არამედ ისინი შეუშლიან საკუთარ თავს ხელს. ჩვენ ვართ ერთნი, „ნაციონალური მოძრაობა” და „სახალხო მოძრაობა“ ემსახურება ერთ მიზანს – საქართველოს რუსეთზე არ გადაბარებას”, – აცხადებს ჩარკვიანი.