„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ბესიკ დონაძემ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საქმე ეხება ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პარტიის მოთხოვნა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით კომისიამ არ დააკმაყოფილა.
ისანში „ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატის, ბესიკ დონაძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილს მითვისებული აქვს ყველა საარჩევნო რგოლი და საქმე გვაქვს ინსტიტუციების სრულად ჩამოშლასთან“.
„ევროპული საქართველო“ რამდენიმე დღის წინ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ უბნები გახსნილიყო, გადათვლილიყო და დამდგარიყო რეალური შედეგი, რაც ნამდვილად ბიულეტენშია ასახული, მაგრამ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული არ გაითვალისწინა და არ დაგვიკმაყოფილა საჩივარი, რადგან კომისიის თავმჯდომარე არის ფიქრია ნიკოლაშვილი, რომელიც არის მიკერძოებული. მას ფული გადაუხადა თავის დროზე ამჟამად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა, კახა ლაბუჩიძემ. იგი გამგებელი იყო და მის ოჯახს მისცა ტენდერი, ასე რომ ვთქვათ, მას უკვე ფული აქვს გადახდილი ამაში, გამომდინარე აქედან იგი „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებებს ელოდება. ამიტომ, ჩვენ მოვდივართ ახლა საქალაქო სასამართლოში, გავასაჩივრებთ ყველა ინსტანციაში, გავყვებით სამართლებრივად. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადავცემთ ყველა ამ საბუთს და დავუმტკიცებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მითვისებული აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, საოლქო საარჩევნო კომისიაც და სასამართლოც. იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ საქალაქო სასამართლო ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ სამართლებრივად გავიაროთ ყველა ეტაპი, რომ შემდეგ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მივცეთ ეს დასკვნა, რომ ყველა საარჩევნო რგოლი ივანიშვილს აქვს მითვისებული და საქმე გვაქვს ინსტიტუციების ბოლომდე ჩამოშლასთან“, – განაცხადა დონაძემ.