თბილისის საკრებულოს წევრობისთვის ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი იბრძოლებს

997

საკრებულოს წევრობისთვის საბურთალოზე დამოუკიდებელი კანდიდატი, ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი იბრძოლებს. ის საზოგადოებას დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა წარუდგინა.

როგორც სმიტი აცხადებს, ის 5 წელია საქართველოში ცხოვრობს და თბილისში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს.

“6 წლის წინ პირველად ჩამოვედი საქართველოში. ისე მომეწონა, გადავწყვიტე ერთი წლის შემდეგ საცხოვრებლად ჩამოვსულიყავი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ამ გზით გავიცანი თბილისის პრობლემები – სატრანსპორტო პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა და ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე გავიცანი ალეკო ელისაშვილი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ალეკოს, როგორც თბილისის საკრებულოში მებრძოლს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, გავიცანი თბილისის პრობლემები. როგორც ჟურნალისტმა, დავიწყე ამ პრობლემების მოგვარების გზების მოძებნა და მსურს უკვე გავხდე საბურთალოს ხმოსანი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში”, – განაცხადა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.

სმიტის თქმით, მისი პროგრამა არა დაპირებებს, არამედ პრინციპებს ემყარება. ეს პრინციპებია: 1. თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უფლება, 2. ჰაერის უფლება, არა მხოლოდ ბინძური ჰაერის პრობლემა, არამედ ჰაერის უფლება, როგორც არქიტექტურული კონცეფცია, 3. დავიბრუნოთ ქალაქის სიმწვანე.

წყარო: ინტერპრესნიუსი