ხოშტარია: საბურთალოს მე-17 უბანზე “ლელოს” ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა 115 ხმა

490

ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი ოქმი. მაგალითად ერთ-ერთში პირდაპირ იყო გადახაზული მონაცემები და ცესკოზე ატვირთული. თუმცა ეს ოქმი მოიპარეს და გააქრეს, მექანიკურად შეცვალეს საიტზე, რაც არის სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“ამ ფონზე, როგორ გამოიყურება გაყალბების სურათი: ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი ოქმი. მაგალითად ერთ-ერთში პირდაპირ იყო გადახაზული მონაცემები და ცესკოზე ატვირთული. თუმცა ეს ოქმი მოიპარეს და გააქრეს, მექანიკურად შეცვალეს საიტზე, რაც არის სისხლის სამართლის საქმე.

ჩვენ არ გვაქვს ჯერ ყველა უბნის სრული სურათი: ვაკის #72 უბანზე “დროას” სადაც ეწერა 0, აღმოაჩნდა 20 ხმა. საბურთალოს #88 უბანზე, სადაც ეწერა 1 აღმოაჩნდა 18 ხმა, იგივე უბანზე “გირჩს” მოემატა 2 ხმა და სხვა უბანზე – 6. საბურთალოს მე-17 უბანზე “ლელოს” ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა 115 ხმა. 115 ხმა იყო გადაგდებული, მოპარული “ქართული ოცნების” და “ცესკოს” მხრიდან. ეს არა თუ ერთ მანდატს ნიშნავს, არამედ კარდინალურად ცვლის თბილისში სურათს.

საქართველოში ლოტოტრონით გადათვლის შედეგად, უბნების 34 პროცენტში შეიცვალა სურათი. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გადავთვლით თბილისში უბნებს, რადიკალურად შეიცვლება პოლიტიკური სურათი იმიტომ, რომ ჩვენ მეორე ტურებში გავალთ საკრებულოში ოპოზიციის უმრავლესობით.

გუშინ ლოტოტრონის პრინციპით, ისნის საოლქოში უნდა გადათვლილიყო უბნები, მაგრამ გადაითვალეს მხოლოდ სიები და არა ბიულეტენები, რაც არის აბსოლუტურად არასწორი, არ ასახავს რეალობას და ვერ გამოასწორებს სურათს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა ყველა პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც იმავეს ითხოვენ. გვაქვს კომუნიკაცია დამკვირვებლებთან, დღეს გვაქვს შეხვედრა ევროკავშირთან. ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანაა, მოვითხოვოთ და მივაღწიოთ თბილისში უბნების გადათვლას, რაც საჩივრებით ოპოზიციურ პარტიებს სრულიად დასაბუთებული გვაქვს. მხოლოდ “დროამ” შეიტანა 200-ზე მეტი საჩივარი უბნების გადათვლაზე. ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და მივაღწიოთ თბილისში ხმების გადათვლას, რაც მოგვიტანს გარდამტეხ სურათს დედაქალაქში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.