პეტრე ცისკარიშვილის შტაბის უფროსი „ოცნების“ მერობის კანდიდატად – რა საარჩევნო ტენდენციებია კახეთში

1204

მერის სტატუსისთვის კახეთის 8 მუნიციპალიტეტში კენჭს 53 კანდიდატი იყრის. კანდიდატებიდან 9 ქალია. ჯამში, რვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პარტიის მიერ 52 კანდიდატი დასახელდა, საინიციატივო ჯგუფის მიერ კი მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი.

კახეთის მუნიციპალიტეტებში კონკურენცია საკმაოდ მაღალია და პარტიებმაც ცნობადი სახეები შეარჩიეს. ბიზნესმენები, ყოფილი გამგებლები და მოადგილეები, კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები –  2017 წლის 21 ოქტომბერს გამარჯვებულის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

მმართველმა გუნდმა კანდიდატები ოფიციალურად 5 სექტემბერს წარადგინა. კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს გამგებელს ხვდა წილად, კვლავ თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელად ეყარა კენჭი. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ნიკოლოზ ჯანიაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი და ყოფილი გამგებელი, ლევან ბაღაშვილი დაუპირისპირდება, საარჩევნო ბლოკიდან – „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” კი – გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე ივანე შანშიაშვილი. გარდა ამ სამი პარტიისა, დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატები ჰყავს, ასევე, საარჩევნო ბლოკს – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” (დაუსიკ ჰოვსეფიანი) და „პატრიოტთა ალიანსს“ (ზაქარია სეხნიაშვილი).

თელავის მოქმედი მერი – პლატონ კალმახელიძე, ადგილობრივ თვითმმართველობაში გაწეული საუკეთესო პრაქტიკისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაჯილდოვდა. ის მზად იყო, კენჭი 21 ოქტომბერის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ეყარა. სექტემბრში მან, ფაქტობრივად, საარჩევნო  კამპანიაც დაიწყო და ბანერიც კი გამოაკრა, თუმცა, მხოლოდ ოფიციალურ წარდგენაზე გახდა საზოგადოებისთვის  ცნობილი, რომ კალმახელიძე შოთა ნარეკლიშვილით ჩაანაცვლეს.

ამ უკანასკნელის დასამარცხებლად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ბოტკოველი წარადგინა, იგივე „ბოტკო“, რომელიც თელავში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

ჯამში, თელავში, მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს. საკუთარი რჩეულები წარადგინეს „შენების მოძრაობამ“ (გელა გელაშვილი), „ევროპულმა საქართველომ“ (ლელა მენთეშაშვილი), ლორთქიფანიძე-კუკავას საარჩევნო ბლოკმა (დავით თუშიშვილი), ლეიბორისტებმა (საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ვარდოშვილი), ტრადიციონალისტებმა (დევი სამხარაძე), ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა (ფიქრია შაბურიშვილი), გიორგი ვაშაძის პოლიტიკურმა გუნდმა (თამარ ლამაზოშვილი) და „სოციალისტ-კომუნისტებმაც“ კი (ივანე ბუჩუკური).

გურჯაანშიც, თელავის მსგავსად, 10 კანდიდატია წარდგენილი. აქ მერობის პრეტენდენტი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის ამჟამად უკვე ყოფილი მმართველი, არჩილ ხანდამაშვილია. ის საკმაოდ გამოცდილ და კვალიფიციურ პერსონად სახელდება როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. ხანდამაშვილი, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიული სიით მეცამეტე ნომრად წარადგინა, თუმცა, საკუთარ თავს ენმ-ს მხარდამჭერად  არ მოიაზრებს. საარჩევნო ბლოკიდან, „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” მერის მანდატის მოსაპოვებლად, გამგებლის ყოფილი მოადგილე – გიორგი პეტრუზაშვილი იბრძვის, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ნიკა ნიჟარაძე.

გურჯაანი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ პარტიების მიერ ყველაზე მეტი  –  3 ქალი კანდიდატია წარდგენილი – „ლეიბორისტებიდან“ შორენა ძამუკაშვილი, პარტია „საქართველოდან“ მთვარისა ბუიღლიშვილი, ხოლო „ახალი საქართველოდან“ – დარეჯან მაჭავარიანი.

ამ მუნიციპალიტეტს ჰყავს, ასევე, მერობის ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მიხეილ ფურცელაძე, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ფურცელაძე “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა, droa.ge-ს ინფორმაციით, მოქმედ გამგებელთან კონფლიქტის გამო, მან არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გადაწყვეტა.

რვა კანდიდატი იბრძოლებს მერობისთვის ახმეტაში. ამ მუნიციპალიტეტში მმართველმა გუნდმა იოსებ ქარუმაშვილი დაასახელა. მას  საკმაოდ მრავალფეროვანი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს; 2006 წლიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, 2010-14 წლებში ამავე პარტიის წარდგენით გახდა ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, 2012 წელს იყო პეტრე ცისკარიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გელა სამხარაულის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

მმართველი გუნდის კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამავე მუნიციპალიტეტში გამოკვეთილ პოლიტიკურ ფიგურას, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თვითმმართველობის ორგანოებზე ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, შაქრო ტერტერაშვილ უპირისპირებს.

მათ გარდა, ახმეტის მერობა სურთ „ახალი საქართველოს“ კანდიდატს, ჯუმბერ შაშიაშვილს, რომელიც კოოპერატივ „მოდი მნახე“–ს დირექტორია, ტრადიციონალისტების წარმომადგენელ ბიძინა გოგოლაშვილს, ლეიბორისტების წევრს, ბიზნესმენ ნიკოლოზ ბართიშვილს, რომელიც საფეხბურთო სკოლების – „კახეთი“, „ერთობა“ და „იბერია“ დირექტორი და მეწილეა. „პატრიოტების“ წარმომადგენელს და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თინათინ მოზაიძეს, „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს, ირაკლი უჯირაულს, რომელიც ახმეტის საკრებულოს ფრაქციის – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ თავმჯდომარეა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, გელა ჭვრიტიძეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვან უწყებებში მუშაობდა.

საგარეჯოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ყოფილი გამგებელი გარსევან ბუხნიკაშვილი წარადგინა, მმართველმა გუნდმა კი – გიორგი ერბოწონაშვილი. მერობისთვის იბრძოლებენ, ასევე, სოსლან გარსევანიშვილი „პატრიოტებიდან“ და ამირან სონიშვილი – „ევროპული საქართველოდან“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ 30 წლის როსტომ სესიაშვილია. ის 2004-2005 წლებში იყო ორგანიზაციის – „მომავალი ფერმერები საქართველოში“ ხელმძღვანელი.  2010 წლიდან არის შპს „ეროს“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2015 წლიდან, ასევე, არის შპს „სესიაშვილის“ დამფუძნებელი და დირექტორი. მას საარჩევნო ბლოკიდან – „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” გოგიტა წიწრიაშვილი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ იაშვილი უპირისპირდებიან. მათ გარდა, ყვარელში კიდევ ორი – „პატრიოტთა ალიანსის“ (გიორგი ივანიშვილი) და „ახალი საქართველოს“ (თამარა ჰოვსეპიანი) კანდიდატები იყრიან კენჭს.

ლაგოდეხში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ა(ა)იპ „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის“ ყოფილი უფროსი თორნიკე მაჭარაშვილი დაასახელა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” ჯონდო მდივნიშვილი წარადგინეს, „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოდან” კი – გიორგი ენუქიძე. საკუთარი კანდიდატი ჰყავს, ასევე, გიორგი ვაშაძესაც – არფენიკ კურკჩიანი.

სიღნაღში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” მერობის კანდიდატი გიორგი გოგილაშვილია; ადგილობრივების დახასიათებით, ის სუფთა წარსულის პატიოსანი ადამიანია, თუმცა, მისი პოლიტიკაში მოსვლა, თანაც ასეთ თანამდებობაზე წარდგენა, ბევრი სიღნაღელის გაკვირვებას იწვევს. მისი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”  საჯარო რეესტრის სიღნაღის ფილიალის ყოფილი თანამშრომელი ნონა ნინიაშვილია, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მოგვიანებით სასამართლომ აღადგინა. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არასრუწლოვანი შვილისთვის მემკვიდრეობით კუთვნილი ქონების გაფორმება გახდა. საჯარო რეესტრში 12-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლის სამსახურიდან გაგდების მიზეზად სტრუქტურისთვის ღირსების შელახვა დაასახელეს. ორი ინსტანციის სასამართლომ ნონა ნინიაშვილი გაამართლა და საჯარო რეესტრს მისი სამსახურში აღდგენის ვალდებულება დააკისრა.

სიღნაღში ამ ორი კანდიდატის გარდა, მერობისთვის იბრძოლებენ სხვა კანდიდატებიც – „ახალი საქართველოდან“ – ვასილ მუნჯიშვილი, „ლეიბორისტებიდან“ – თამაზ სეხნიაშვილი, პატრიოტთა ალიანსიდან – ალექსანდრე ბურდულაძე, ხოლო „ევროპული საქართველოდან“ – მალხაზ ფეიქრიშვილი.

წინასაარჩევნო გარემოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ, მათ შორის, შუალედური ანგარიშები უკვე გამოაქვეყნეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), თუმცა ჩვენს შეკითხვაზე, განიხილავენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიების სტრატეგიას კანდიდატების შერჩევის თვალსაზრისით, პასუხი უარყოფითია. როგორც მათმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ასეთი შეფასება მიკერძოებად ჩაეთვლებათ.