პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, კორძაიას განმარტებით, 323 შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ დგება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კორძაიამ აღნიშნა, ეუთოს მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ კარგად დაინახეს, „როგორ საარჩევნო გარემოში ცხოვრობენ მოქალაქეები და როგორი პირობებით შევიდნენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბრძოლაში“.
„ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არასათანადო უპირატესობა მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს, როგორ საარჩევნო გარემოში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და როგორი პირობებით შევიდნენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბრძოლაში. იგივე სულისკვეთებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თავის განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული ძალადობით, მოსყიდვით, დაშინებით და ა.შ. ამიტომ, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ თავიდან ბოლომდე წაიკითხონ ხოლმე შეფასებები და განცხადებები. იმის დასადასტურებლად რომ ჩვენი პარტნიორები არჩევნების შეფასებაში არ ცდებიან, მინდა მოგიყვანოთ პირველადი შედეგები.
თბილისში მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება, ეს არის 1/3-ზე მეტი. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 323 შემაჯამებელ ოქმში არ დგება ბალანსი.
პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 91 საჩივარი, მაგრამ ამ 91 საჩივრით გასაჩივრებულია და მოთხოვნილია შეამაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხელახლა გადათვლა 539 შემთხვევაში. გასაჩივრებულია დაახლოებით 478 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრება უბნის შედეგის გასაჩივრებაზე მეტი იმიტომაა, რომ ამ არჩევნებზე სხვადასხვა სახის შემაჯამებელი ოქმები დგებოდა. 19 შემთხვევაში უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეტანილია დისციპლინური საჩივრები, 9 საჩივარი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე პროკურატურაში. ამდენად, შევახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა და ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრები“,- განაცხადა კორძაიამ.