უახლოეს პერიოდში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ორგანიზება და მთავარი მოთხოვნა იქნება მიშა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ხაბეიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შემოსვლისა და დაბინავების შესაძლებლობა მისცეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მასშტაბური აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე გაიმართება.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო წოწორიებს და ცომაიას იმისთვის, რომ დევნილი პრეზიდენტი შეიფარეს ვაჟკაცურად. ფაქტობრივად, ჩაიდინეს გმირობა და ამას ისტორია აუცილებლად დაწერს და მოჰყვება.
არის მოლოდინი ჩვენს მხარდამჭერებში და არა მარტო მხარდამჭერებში, რომ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ეს ასე იქნება. უახლოეს პერიოდში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ორგანიზება და მთავარი მოთხოვნა იქნება მიშა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ მშვიდად, წყნარად დაველოდოთ პროცესების განვითარებას, ასევე მოვემზადოთ მეორე ტურისთვის, სადაც ჩვენ გამარჯვებას აუცილებლად გავიფორმებთ. ამ განცხადების შემდეგ, თითოეული თქვენგანი, ვინც ასე ესწრაფვით გამარჯვებას და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას, კანცელარიაზე რუსული დროშიც დაშვებას, მოგიწოდებთ, დაიწყოთ დაორგანიზება, ერთმანეთთან შეხმიანება და დაველოდოთ კონკრეტულ თარიღს, როდესაც მთელი საქართველო დადგება ფეხზე.
მიხეილ სააკაშვილი ვერ და არ იქნება ოლიგარქ ივანიშვილის და მისი მოურავების ტყვეობაში დიდხანს, ამაში მინდა საზოგადოება დავარწმუნო და როგორც მან, ფაქტობრივად, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად გადადო საკუთარი თავი, ახლა არის ჩვენი მოქალაქეების ჯერი, რომ ჩვენც ადეკვატურად ვიმოქმედოთ და გამარჯვებული არჩევნები გავიფორმოთ ბოლომდე.
მოგიწოდებთ ყველას, დავიწყოთ დაორგანიზება, დაველოდოთ კონკრეტულ თარიღს და პარალელურად, მოვემზადოთ მეორე ტურისთვის, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა დიდ ქალაქში, სადაც უკვე ოპოზიციაშია ცესკოს დათვლებითაც „ქართული ოცნება,“ გავიფორმოთ გამარჯვება. არჩევნებამდე იქნება აქცია. ის რომ, მთელი საქართველო დაიძვრება, ამის გარანტია მინდა მივცე ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილსაც“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტთან საპატიმროში შესვლის საკითხს, მისი თქმით, იგი ჯერ კიდევ ელოდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებას იმისთვის, რომ მან შეძლოს მიხეილ სააკაშვილის მონახულება პენიტენციურ დაწესებულებაში.
ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ამის ნება მიეცეს. ამასთან, იგი მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ხელისუფლებას „უჯიკონ.“
„მე პარლამენტის წევრს, აბსოლუტური უფლება მაქვს, არავის თხოვნა არ მჭირდება, შევიდე მიხეილ სააკაშვილთან საპყრობილეში. მხოლოდ ამაზე ბრძანება უნდა გამოსცეს პარლამენტის თავმჯდომარემ, მას შემდეგ, რაც შევატყობინებ, რომ ეს სურვილი მაქვს. შეტყობინება გაგზავნილია ორი დღეა და ამ დრომდე არ გამოსცემს ბრძანება, რომ მოვახერხო მესამე პრეზიდენტის ნახვა საპყრობილეში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ გონს მოეგონ, მოგვცენ მის კოლეგებს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის. როგორც ვიცი, აქვს პრობლემა სატელეფონო ზარის განხორციელების, შესაბამისად, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც მოვუწოდებ, ცოტა „უჯიკონ“ ამათ, რადგან ყველანაირ ზღვარს არიან გადასულები. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძანების გამოცემაც მოუწევთ, სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობაც გვექნება, ასევე ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა და უახლოეს ხანებში, რუსული დროშა დაეშვება სახელმწიფო კანცელარიაზე. ეს არის შეშინებული, მხდალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც გრძნობს მიხეილ სააკაშვილის სუნთქვას ზურგს უკან და ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რომ მათ შორის, პრობლემა შეგვექმნას სააკაშვილთან კომუნიკაციის“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.