პირველი ელექტრონული არჩევნები საქართველოში და 25 წუთში დათვლილი ხმები – რეპორტაჟი საარჩევნო უბნიდან

2221

ავტორი: რუსა მაჩაიძე

2 ოქტომბრის არჩევნებმა ტრადიციულად ჩაიარა – ილაპარაკეს ყველაფერზე, გარდა მუნიციპალიტეტების საჭიროებისა; უწოდეს „გადამწყვეტი არჩევნები“, მაგრამ არაფერი  შეცვლილა;  ისევ აკონტროლებდნენ საარჩევნო უბნებს გარედან „ავტორიტეტები“ და შიგნიდან  გაურკვევლი არასამთავრობოების წარმომადგენლები; ისევ ჩხუბობდნენ და აძევებდნენ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს; ისევ ყრიდნენ ბიულეტენებს ყუთებში და იპარავდნენ დათვლისას; ხელისუფლებას მეორე ტური ისევ ცუდი რაღაც ჰგონია და ოცნებობს, კომუნისტურ 99.9%-ს როდის გამოიცხადებს; ოპოზიციამ კი ისევ დაიწყო უპრეცედენტო გაყალბებაზე ლაპარაკი, მაგრამ ბოიკოტი აღარ გამოუცხადებია. თუმცა, კიდევ ერთი განსხვავება იყო  ის, რომ ერთ ოლქში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა  – პროცესიც უპრობლემო იყო და შედეგებიც 20:25-ზე ვიცოდით, მაგრამ ეს ფაქტი თითქმის არავინ შეიმჩნია.

ელექტრონული არჩევნები გულისხმობს ხმის მიცემის და დათვლის პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას. შესაბამისად, მისი რამდენიმე სახე არსებობს, იმის მიხედვით, თუ რა დონეზე და როგორ ხდება ტექნოლოგიის გამოყენება.

მაგალითად, შესაძლებელია, რომ ხმის მიცემა მოხდეს ქაღალდის ბიულეტენების გამოყენებით, როდესაც ამომრჩეველი არჩევანს ამ ბიულეტენზე აკეთებს და აგდებს აპარატში, ან მის გარეშე – ბიულეტენი აპარატზე ელექტრონულად არის ატვირთული და ამომრჩეველი არჩევანს აპარატზე აკეთებს. ასევე, დამთვლელი მანქანა, შესაძლოა, იყო ინტერნეტის ქსელში ჩართული და ერთიანად ხდებოდეს დათვლა, ან არ იყოს და ხმებს უბანზე განთავსებული აპარატი ითვლიდეს. გარდა ამისა, ბევრგან უკვე ამომრჩევლის იდენტიფიცირება ელექტრონულად ხდება.

არჩევნების ელექტრონულად სრულად  21-ე საუკუნის პრაქტიკაა – პირველად 2001 წელს ავსტრალიაში ჩატარდა და დღეს უკვე აქტიურად გამოიყენება, როგორც აშშ-ში, ისე ევროპისა და კიდევ სხვა ქვეყნებში. საქართველოში არჩევნების ელექტრონლად ჩატარებაზე ლაპარაკი წლების წინ  დაიწყო, მაგრამ  მაშინდელმა ხელისუფლებამც უარი თქვა და შემდეგმაც. მიზეზად ხან ტექნიკური საკითხები და ხანაც სათანადო კანონმდებლობის არარსებობა სახელდებოდა.

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ 1 ოლქში საპილოტე სახით არჩევნები სწორედ ამ სისტემით ჩატარდებოდა. ამისთვის კი თბილისში კრწანისის ოლქი შეირჩა, სადაც 32 უბანია. დაბრკოლებების მიუხედავად, 32 უბანში ხმის მიცემაც და დათვლაც ამ აპარატების მეშვეობით მოხერხდა, გამოუსწორებელი პრობლემა კი მხოლოდ ერთ – მე-18 უბანზე შეიქმნა. როგორც აღმოჩნდა, შეცდომა ბიულეტენების ერთი პარტიის დაბეჭდვისას მოხდა – ბიულეტენები 2 მილიმეტრით განიერი იყო, რის გამოც აპარატი არ იღებდა.  ამის გამო გადაწყდა, რომ ხმის მიცემა იგივე პრინციპით და იგივე ბიულეტენებით მოხდებოდა და შემდეგ ხელით გადაითვლიდნენ. ამ უბანზე აპარატის მიერ დათვლის ეტაპი ამოვარდა.

იმის გამო, რომ ელექტრონული არჩევნები პირველად ჩატარდა და შემდეგი არჩევნები სრულად ამ სისტემით უნდა ჩატარდეს, პროცესი, ცხადია, დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დეტალურად გაგაცნოთ, როგორ დაიწყო და დასრულდა საარჩევნო დღე ელექტრონულ უბანზე.

07:00 – 08:00 საათი

ეს ის პერიოდია, როდესაც  საარჩევნო კომისიამ უბანი არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს – კენჭისყრით გაანაწილოს ფუნქციები, დაიწყოს საოქმო ჩანაწერების გაკეთება, შეავსოს სადემონსტრაციო ფურცლები, რომლებიც უბანზე კედელზეა გაკრული და ა.შ. როგორც წესი, ამ პროცესს დამკვირვებლებიც ესწრებიან, რადგან, როგორც წესი, სწორედ ამ დროს იწყება არჩევნების დღის გაყალბება თუ არა, მცდელობა მაინც.  მაგალითად, რიგის მომწესრიგებელმა სასურველ ხალხთან მიმართებით არ შეიმჩნიოს მარკირებული ამომრჩეველი და უბანზე შეუშვას, მერე რეგისტრატორმა გაატაროს რეგისტრაციაში „ვინმეს“ მაგივრად, ან სიაში  საგანგებოდ ჩაწერილი ამომრჩევლის სახელით; მერე კი, შესაძლოა, მარკირების გაკეთებაც „გამორჩეს“, არასასურველი ამომრჩევლის (ვისზეც აქვთ ინფორმაცია, რომ არასასურველ პარტიას აძლევს ხმას) ბიულეტენზე ან ბეჭდის დასმა დაავიწყდეს, ან ხელმოწერა, რის გამოც მერე ეს ხმა გაბათილდება და ა.შ.

კომისიის წევრებიდან რამდენიმეს დააგვიანდა, მაგრამ 17 წევრიდან უმრავლესობა მოსული იყო და ზუსტად 7 საათზე უბანზე შესვლა დაიწყეს. წევრების მერე დამკვირვებლების ჯერიც დადგა. ჩვენ ცესკოს მიერ გაცემული ბეიჯით, სადაც ყველა მონაცემია დატანილი და პირადობის მოწმობით უნდა შევსულიყავით, რასაც კომისიის ერთ-ერთი წევრი ამოწმებდა. რამდენჯერმე დატრენინგებულ და კიდევ კაცმა არ იცის, რამდენწლიანი გამოცდილების მქონე წევრს ჯერ ცესკოს წარმომადგენელი ვეგონე, რადგან ბეიჯს ცესკოს ბეჭედი აქვს, მერე  დიდხანს ეძებდა რაღაცას და როგორც აღმოჩნდა, უბნის ნომერს, რადგან წარწერა „დამკვირვებელი ყველა დონის კომისიაში“ მისთვის არაფრისმთქმელი იყო და რომ ვუთხარი, ყველგან დასწრების უფლება მქონდა, არ დაიჯერა და მაინც თავმჯდომარესთან გადაამოწმა. სხვათა შორის, კომისიის ეს წევრი იმდენად „ფრთხილი“ იყო, რომ ჯერ ფოტოს გადაღება  „ამიკრძალა“. ამაზეც მშვიდად ვუთხარი, რომ უფლება მქონდა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარის ჩარევის გარეშე, მაინც ვერ დავარწმუნე. ცოტა ხანში კი უკვე ყველა დამკვირვებელს საკმაოდ უხეშად მოგვმართა – კუთხეში სკამზე დასხედით და ამომარჩევლებს ხელს ნუ უშლითო. ამ დროს უბანზე მხოლოდ 3 ამომრჩეველი იყო, თანაც, დამკვირვებლები არც  გასასვლელს ვკეტავდით. რადგან მისთვის ავტორიტეტი მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე იყო, ვუთხარი, ჰკითხე, აქ დგომის უფლებაც გვაქვს მეთქი და ოდირის დამკვირვებელს მშვიდად ვუთხარი, კომისიის წევრი კანონს როგორ არღვევდა. მანაც საგულდაგულოდ ჩაინიშნა ყველაფერი.

ყველაზე საინტერესო კი აპარატების მომზადება იყო. ჯერ გვაჩვენეს, რომ ყუთები ცარიელი იყო, მერე სპეციალურ სახურავზე აპარატი დაამაგრეს და დალუქეს.

შემდეგ პირველი ანგარიში ამობეჭდეს, სადაც დაფიქსირებულია, რომ ყუთში არც ერთი ბიულეტენი არ არის და  სხვა არანაირი მონაცემი არ ფიქსირდება.

ეს კი ელექტრონული არჩევნების ბიულეტენია, რომელიც სპეციალური ფორმატით საგანგებო ქარალდზე იბეჭდება და სათანადო მარკერით ხდება არჩევანის გაკეთება –  თითოეული კანდიდატის წინ დატანილია რგოლი, რომელიც ამ მარკერით უნდა გაფერადდეს. ამ არცევნებზე სამი სახის ბიულეტენით ხდებოდა ხმის მიცემა – პროპორციულის, მაჟორიტარის და მერის. ელექტრონული უბნისთვის კი სამივე იყო ერთ დიდ ფურცელზე – ჯერ მერობის კანდიდატების სია, შემდეგ – პროპორციულის და ბოლოს – მაჟორიტარულის. სამივე ნაწილი დამოუკიდებელია და არჩევანი ცალ-ცალკე კეთდება, ანუ უნდა გაფერადდეს სათანადო რგოლები. თუკი რომელიმე ნაწილში არცერთი არ არის გაფერადებული, ნული ხმა ფიქსირდება, ერთზე მეტის შემთხვევაში კი ბათილდება. აღსანიშნავია, რომ სამივე ნაწილის მონაცემები (ან რამდენნაწილიანიც იქნება ბიულეტენი) ცალ-ცალკე ითვლება  და ერთის გაბათილება სხვაზე არ აისახება, თუკი იქ დაფიქსირებულია არჩევანი. ასევე, არ არის პრობლემა, თუკი სამივე ნაწილში სხვადასხვა არჩევანია გაკეთებული. 

*შენიშვნა: გაბათილებული ბიულეტენი, რადგან ორ-ორია შემოხაზული და არჩევანი არ ჩანს.

ბიულეტენს არ სჭირდება ხელმოწერა, მაგრამ აუცილებელია ბეჭედი. ის, რომ ბიულეტენს აღარ უნდა რეგისტრატორის ხელმოწერა, ამცირებს საგანგებოდ გაფუჭების შანსს, რადგან ძნელია, როდესაც მხოლოდ ბეჭედია დასარტყმელი, „გამორჩეს“. თუმცა, ცხადია, ბეჭდის „გამორჩენის“ შანსი მაინც რჩება და ცუდი ისაა, რომ ბეჭდის გარეშე აპარატი ბიულეტენს მაინც იღებს და ითვლის დაფიქსირებულ ხმას. მაგრამ გადათვლის შემთხვევაში, უბეჭდო ხმა მაინც გაუქმდება. ამიტომ ამ არჩევნებზე აპარატებთან მუდმივად იდგა ორი წევრი, რომელიც ბეჭდებს ამოწმებდა და ამომრჩეველს ბიულეტენის აპარატში ჩადებაში ეხმარებოდა.

ბიულეტენი იდება საგანგებო ჩარჩო-კონვერტში, რაც არჩევანის ფარულობას უზრუნველყოფს. ბეჭდის დასმა ხდება ფურცლის თავში, სიის ნაწილიდან დაშორებულ ადგილზე და კონვერტიდან ეს ნაწილია ამოწეული გადასამოწმებლად. ბიულეტენი აპარატში ამოტრიალებული სახით, ანუ ცარიელი გვერდი ზემოთ, კონვერტის მეშვეობით ფიქსირდება და აპარატს თვითონ მიაქვს. გადამუშავებას რამდენიმე წამი სჭირდება და აპარატის ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომ ბიულეტენი მიღებულია. თუკი ხარვეზიანია, აპარატი ბიულეტენს უკან აბრუნებს.  ასეთ შემთხვევაში აპარატის მეთვალყურე კეცავს ბიულეტენს ისე, რომ  დაცული იყოს არჩევანის ფარულობა, მაგრდება სკრეპებით და კეთდება საოქმო ჩანაწერი, რომ ბიულეტენი ხარვეზიანია (ჩემს უბანზე მთელი დღის განმავლობაში სულ 10 ბიულეტენი გაფუჭდა). ამომრჩეველს კი ახალ ბიულეტენს აძლევენ, სადაც აფიქსირებს არჩევანს.

საბოლოო ჯამში,  მოსამზადებელმა პროცედურამაც, ასე თუ ისე, ნორმალურად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კომისიის მდივანს ცუდად ესმოდა და ცუდად ხედავდა. არ ვიცი, მართლა თუ იგონებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პრობლემების გამო, ცალკეულ პროცედურებს აგვიანებდა.  ამასობაში 8 საათიც გახდა და ხმის მიცემა დაიწყო.

08:00 – 20:00 საათი

ჩვეულებრივ, უბანზე პირველი ამომრჩეველი, რა დროსაც არ უნდა მივიდეს, ფიქსირდება საოქმო წიგნში და მისი მონაცემები საკონტროლო ფურცელზე დაიტანება. როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ იმ დროის გამოცდილების შედეგია, როდესაც საარჩევნო ყუთებს ცვლიდნენ. მართალია, ყუთების გამოცვლა აღარ ხდება, მაგრამ ტრადიცია მაინც დარჩა. ელექტრონულ აპარატს კი ეს საკონტროლო ფურცელი არ სჭირდება. მაგრამ კრწანისის მეხუთე უბანზე დილის რვა საათი არ იყო შესრულებული, რომ ჯერ ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, მას მალევე მოჰყვა კაცი და ქალი. მართალია, კაცს გული დასწყდა, პირველს მინდოდა შესვლა და დამასწრესო, მაგრამ  პირველმა ქალმა ამაყად გადახედა და ადგილის დათმობა არც უფიქრია. თუმცა, შესვლით კი შევიდა პირველი, მაგრამ ხმის მიცემა ორივემ ერთდროულად მოახერხა. ცხადია, არც ერთი მათგანის მონაცემები არსად დაფიქსირებულა.

მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცედურა უპრობლემოდ მიმდინარეობდა.  დღის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა აქტივობა იყო, მაგრამ ხმის მიცემა ყველამ  უპრობლემოდ შეძლო.

ხმის მიცემის აპარატთან ზოგჯერ რიგი იყო.

ზოგჯერ არავინ და დამკვირვებლები უბრალოდ ისვენებდნენ (თუმცა, ბევრი მათგანი აქტიურ პერიოდშიც იგივე პოზით იჯდა). ასეთი მომენტებით კი დამლაგებელი სარგებლობდა.

ზოგი ერთმანეთს დაეხმარა

არჩევნებზე იყვნენ ბავშვებით

ძაღლებით

მცივანები

ისინი, ვისაც ყოველთვის სცხელათ

ახალგაზრდები

შეჭაღარავებულები

საყიდლებზე გამოსულები

ვიღაც, ვისაც უნდოდა, რომ “ნაციონალებს” თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებიც საკუთარი პარტიიდან ჰყოლოდათ

რაც შეეხება აპარატურას, უბანზე ორი იდგა. აპარატურა, დენის გათიშვის შემთხვევაში, მონაცემებს იმახსოვრებს, ვიდრე ოპერაციის დასრულების ბრძანებას არ მიიღებს. თუმცა, იქვე იყო დენის წყარო, რომელიც საათნახევრის განმავლობაში უზრუნველყოფს აპარატის მუშაობას. თუმცა, მისი ჩართვა უბანზე დაავიწყდათ.

ამ ორიდან მარჯვენას მთელი დღის განამვლობაში არანაირი პრობლემა არ შექმნია. მეორე კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაჩერდა და გადატვირთვამ უშველა. როგორც ჩანს, ეს მეთოდი ყველა სახის კომპიუტერთან ამართლებს. თუმცა ერთხელ საბჭოთა მეთოდი – მუშტის დაბრახუნებაც დასჭირდა და თქვენ წარმოიდგინეთ, უშველა. მიუხედავად ამისა, დღის ბოლოს აპარატურის ზედამხედველმა მაინც პრობლემურად მონიშნა.

20:00 საათიდან

იმის გამო, რომ  რვა საათზე ხმის მიცემის მსურველი აღარავინ იყო, უბანი ზუსტად 20 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო. პირველ ეტაპე გადასატანი ყუთით მიცემული ხმების აპარატში ჩაშვება ხდება. გადასატანი ყუთისთვისაც იგივე სახის ბიულეტენები გამოიყენება და ყუთში თავისი ჩარჩო-კონვერტით აგდებენ. აპარატში კი ისე უშვებენ, როგორც ხმის მიცემის დროს. ვიდრე აპარატურის მონაცემებს ამობეჭდავდნენ მომსვლელთა რაოდენობის და გაცემული ბიულეტენების ბალანსს არკვევენ. აპარატი ყველა მიღებულ ბიულეტენს ითვლის და, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში შეიძლება მოსულთა რაოდენობის დადარება. საბოლოოდ კი, ის თანხვედრაში უნდა იყოს გაცემულ ბიულეტენებთან. ამის შემდეგ ხდება ყველა ინვენტარის აღრიცხვა და დალუქვა, საოქმო წიგნის და მთავარი ბეჭდის გარდა. ამ ყველაფერს 25 წუთი დასჭირდა და ზუსტად 20:25-ზე აპარატის მონაცემები ამობეჭდეს.

და ორივე აპარატის მონაცემები კედელზე გააკრეს.

*შენიშვნა: ამონაბეჭდი ფოტოზე არ ჩანს სრულად, მოცულობის გამო

იმის გამო, რომ ელექტორნული ხმის მიცემა საპილოტე პროექტია, ამის შემდეგ ბიულეტენების ხელით გადათვლა დაიწყო, რათა გადაემოწმებინათ აპარატის მუშაობის ხარისხი. ამას კი თითქმის 4 საათი დასჭირდა –  გაამზადეს დასათვლელი სივრცე;  კომისიის წევრებიდან ისევ კენჭისყრით გამოავლინეს მთვლელები; გახსნეს აპარატები და ერთად დააწყეს ბიულეტენები. პირველი მთვლელი იღებდა სათითაო ბიულეტენს ვიდეოკამერის წინ, რათა მონაცემები დაფიქსირებულიყო და ხდებოდა დაჯგუფება საარჩევნო სუბიექტების მიხედვით. ეს პროცედურა სამჯერ გაიმეორეს, რადგან ცალცალკე უნდა დათვლილიყო მერისთვის, მაჟორიტარისთვის და პარტიისთვის მიცემული ხმები. პროცესს პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ვადევნებდით თვალყურს და ზუსტად ის მონაცემები დაჯდა, რაც 4 საათის წინ აპარატებმა დააფიქსირეს.